„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ქალებსა და კაცებს, თავიანთი აქტივიზმით, ერთად შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა. მტკიცედ მჯერა, რომ მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ქალების თანაბარი და აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.“

ეს არის ამონარიდი ეკატერინე გამახარიას გამოსვლიდან.

25 მარტს ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის (CSW65) ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიაში.

ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ სწრაფ მოკვლევაზე, რომელმაც გამოავლინა პანდემიის დამანგრეველი გავლენა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავებაში, რასაც კრიზისის დასაძლევად კრიტიკული როლი აქვს.

„სკოლა თავად უნდა იყოს დაინტერესებული უსაფრთხო სკოლის კონცეფციით. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ ძალადობაზე სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ღონისძიების მონაწილე ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით გამართულ მრგვალ მაგიდას თემაზე „არაძალადობრივი, უსაფრთხო გარემო სკოლებში და რესურს-ცენტრების როლი არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საკითხებში“.

მონაწილეებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე დაფიქსირდა რეკომენდაციები - მათი გათვალისწინება ხელს შეუწყობს რესურს-ცენტრებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და უსაფრთხო სკოლის მოდელის ფორმირებას.  

მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...

კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.

კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...

ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.

 

გაზეთი „ახალი განათლება“ აქტიურად აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას. მარტში გამოქვეყნებულ პირველ მასალაში წარმოდგენილია მინიფილმი „გენდერული სტერეოტიპები და სკოლის როლი მათ აღმოფხვრაში“.

მეორე სტატია „ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია – კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია“ კი ეძღვნება ახალგაზრდებთან ხუთთვიანი მუშაობის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლ კონ­ფე­რენ­ციას.

გაზეთთან თანამშრომლობა თებერვალში დაიწყო და უკვე 4 სტატია დაიბეჭდა. „ახალი განათლების“ მკითხველთა ფართო აუდიტორია გაეცნო ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებას და დაინახა არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სტერეოტიპების მსხვრევის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის პრევენციის პროცესში.

https://bit.ly/2P5mseH

https://bit.ly/3chDqPU

ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.

ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს  მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა აქტუალურ თემაზე „გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის საკითხში“.

შეხვედრაზე განხილული იყო სტრატეგია და სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც მეტ ეფექტს შესძენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წლის გეგმის განხორციელებისათვის არსებული რესურსების დაგეგმვაზე, პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალურ ჩართვასა და შესრულებაზე.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის პროცესში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლების, თვითმმართველობის პერსონალის და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით.

მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საბჭოს რეორგანიზაციის, თემატური ჯგუფების შექმნის და მათი სტრატეგიის შერჩევის, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული ადგილობრივი პროგრამების ინიცირების კუთხით. მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საკითხი - როგორ უნდა მოხდეს გეგმაში გათვალისწინებული საკითხების საბიუჯეტო მხარდაჭერა და გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალური ჩართვა.

მრავალფეროვნება იგრძნობოდა ამ დღეებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 8 მარტი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნა: საინფორმაციო შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან, მრგვალი მაგიდები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ლიტერატურული საღამო.

შეხვედრებზე ხაზგასმულ იქნა, რომ ეს დღე არის ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.

ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს - „გალის რაიონში ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის მოლოდინები თუ ჩაფერფლილი იმედები: საჭიროებები და რეაგირების  სტრატეგიები“, რომელშიც ასახულია 2021 წლის 4 იანვარს გალის რაიონში გაჩაღებული ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტეტული და გადაუდებელი  საჭიროებები.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები