ქალთა ფონდი „სოხუმი“ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრაზე

2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლებმაც ყურადღება ერგნეთის მექანიზმის ფარგლებში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული შეხვედრების შედეგებზე გაამახვილეს.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში მომავალში „ფორმა 9“ დოკუმენტის გაუქმებით მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ შესაძლო რისკებზე. მათ შორის უკანონო დაკავებებების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხეებზე და მათი პრევენციის აუცილებლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, გალში მოქმედ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის გამო შემცირებული ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლების მხარდაჭერის საჭიროებაზე და არჩევნების დროს, გამშვები პუნქტების დახურვის და მოსახლეობისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის დაუშვებლობაზე.

გამყოფი ზოლის სიახლოვეს მცხოვრებმა ქალებმა და ახალგაზრდებმა ისაუბრეს, მათ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების მწირ შესაძლებლობებზე; სკოლებისა და ამბულატორიების ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არ არსებობაზე; სოფლებში წყალმომარაგების მწვავე პრობლემებზე, დევნილთა განსახლების ცენტრების ავარიულ შენობებში დღემდე განუსახლებელ ოჯახებზე, სოფლებში ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაბამისი სივრცეების არ არსებობის საკითხებზე და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზე. 

ფოტოები აღებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის FB გვერიდიდან

 

გამოქვეყნებულია შეხვედრები

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image