ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული პუბლიკაცია ეფუძნება 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან - წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, ვანი, ჩოხატაური, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი - 540 ქალი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა ეხება ქალების უსაფრთხოების მდგომარეობას, ოჯახში და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის გამოცდილებას, ასევე მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირებულობას, ხელმისაწვდომობასა და ნდობას.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ქალთა უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს უმუშევრობა, სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, სიღარიბე, მიგრაცია და სერვისებზე არასაკმარისი წვდომა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ოჯახში ძალადობის თემის მიმართ არსებული სტიგმაც, რაც ხშირად აფერხებს ქალების მხრიდან პირადი გამოცდილების ღიად აღიარებას და დახმარებისთვის მიმართვას. მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდისა, ქალების დიდ ნაწილს კვლავ არ აქვს ზუსტი ცოდნა, ვის და როგორ უნდა მიმართოს ძალადობის ან საფრთხის შემთხვევაში.
პუბლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა, რომ ძალადობის პრევენცია და ქალთა დაცვა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით ვერ იქნება საკმარისი. აუცილებელია სანდო, კონფიდენციალური, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დევნილი ქალებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის და შშმ პირებზე ან ხანდაზმულებზე მზრუნველებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)