ხონის მუნიციპალიტეტში, ლიდერი ქალის - ნაზი ჯიქიას მიერ გაიმართა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრა, რომელიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებასა და რეაგირების მექანიზმებს დაეთმო. შეხვედრა განხორციელდა ქალთა ფონდი "სოხუმი"-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა დეტალურად განიხილეს ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მისი ადრეული ნიშნები და ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დროული რეაგირებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებსა და ადგილობრივ დონეზე არსებული დახმარების მექანიზმებს.
მონაწილეთა უკუკავშირის მიხედვით, შეხვედრამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ ინფორმირებულობასა და თვითაღქმაზე:
„ყველა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თითქოს სხვანაირად დავინახე ჩემი როლი ამ საკითხში.“
„ძალიან საინტერესო იყო ძალადობის ფორმების დეტალურად განხილვა და რჩევები, თუ როგორ შეიძლება მსხვერპლის ამოცნობა.“
„გავიგე, რომ მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ხონის მერიას და ისარგებლოს მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით.“
„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, მეტი ადამიანი უნდა ფლობდეს საჭირო ინფორმაციას.“
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ინფორმირებულობა, ადგილობრივი რესურსების ცოდნა და სოლიდარობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირებისათვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით