ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდა ონლაინ ვორქშოპი ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ ჯგუფთან.
შეხვედრა მიეძღვნა ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობასა და ციფრულ უსაფრთხოებას. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა პირადი მონაცემების დაცვაზე, ანგარიშების უსაფრთხოებაზე, კიბერჰიგიენასა და ონლაინ ძალადობის ამოცნობასა და რეაგირებაზე.
ვორქშოპს უძღვებოდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ნინო ჭაბუკიანი და ლალი შენგელია. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ციფრული უსაფრთხოების ცოდნა და ღია დიალოგი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია ახალგაზრდებში.
პროექტი ხორციელდება WAVE Network-ის მხარდაჭერით
2026 წლის 12 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, Zoom პლატფორმის საშუალებით, ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა ჯგუფებთან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა და ციფრულ სივრცეში კონტროლისა და ზეწოლის ფორმები პარტნიორულ ურთიერთობებში. მონაწილეებმა ისაუბრეს ონლაინ გარემოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ზიანზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს — პირადი მონაცემების დაცვას, ანგარიშების უსაფრთხოებას, მტკიცებულებების შენახვას და საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პრობლემის ამოცნობისა და ღიად საუბრის მნიშვნელობას, რაც ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — „ძალადობა, ტრავმაზე რეაგირება და ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკები“, რომელსაც უძღვებოდა პარტნიორი ორგანიზაციის, Danner-ის ტრენერი - კარენ ბოსენი. ტრენინგის მიზანი იყო ქალებთან მუშაობის კიდევ უფრო მგრძნობიარე, უსაფრთხო და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება.
მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ნორმები და სტერეოტიპები, ძალადობის მრავალშრიანი ბუნება და სოციალური-ეკოლოგიური მოდელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის სხვადასხვა ტიპის გააზრებას, იძულებითი კონტროლის მექანიზმებსა და იმ უხილავ ზიანს, რომელიც ფიზიკური კვალის გარეშეც აზიანებს ქალის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრავმაზე რეაგირების ოთხი ძირითადი ფორმა - შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა და მაამებლობა - როგორც გადარჩენის ბუნებრივი მექანიზმები. ხაზი გაესვა იმას, რომ მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებას, ნდობასა და ქალის არჩევანის პატივისცემას, რათა დახმარება ახალი ტკივილის წყაროდ არ იქცეს.
მესამე დღე დაეთმო პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თვითზრუნვის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ მოუსმინონ ძალადობაგამოვლილ ქალებს განსჯის გარეშე, როგორ შეინარჩუნონ პროფესიული სიფრთხილე და ამავე დროს დაიცვან საკუთარი ემოციური რესურსი პროფესიული გადაწვისგან.
ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება ფონდი „სოხუმის“ გუნდს, ქალების მხარდაჭერა კიდევ უფრო ტრავმაზე ორიენტირებული, თანაგრძნობაზე დაფუძნებული და უსაფრთხო გახადოს.
ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია Danner-სა და ტრენერ კარენ ბოსენს მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალთა ჯგუფებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა Zoom პლატფორმის საშუალებით. შეხვედრა განხორციელდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და შეეხო ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ თემას — პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ გრძელდება ძალადობა ციფრულ სივრცეში და როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად. ქალებმა გააზიარეს ყოველდღიური გამოცდილებები, ის გამოწვევები, რომლებიც ონლაინ სივრცეში იშვიათადაა ხილული, თუმცა რეალურ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზიანს იწვევს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს: პირადი ანგარიშების დაცვას, ციფრული მტკიცებულებების სწორად შენახვას და იმ სერვისებს, სადაც ქალებს დახმარების მიღება შეუძლიათ.
შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თავად მონაწილეთა გულწრფელი საუბრები აღმოჩნდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
„სამწუხაროდ, რეგიონებსა და სოფლებში ამ საკითხს ხშირად სხვანაირად უყურებენ. სოციალური ქსელების პაროლებისა და საბანკო მონაცემების მეუღლეებისთვის გაზიარება ბევრისთვის ნორმად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყეთ.“
სხვა მონაწილემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ რჩება ძალადობა ხშირად უთქმელი:
„ჩვენ ირგვლივ ონლაინ ძალადობის არაერთი შემთხვევაა, მაგრამ ქალები ვერ საუბრობენ — საზოგადოების მიმართ ნდობა ნაკლებია, გოგონებს კი ხშირად მშობლების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა გოგონამ თავისი გამოცდილება გაუზიარა ოჯახს და თავად დაადანაშაულეს. ასეთ დროს მოზარდი იკეტება და ემოციურ პრობლემებთან მარტო რჩება.“
დისკუსიამ აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ქალებს არ ეხება:
„ონლაინ ძალადობა მხოლოდ ქალების საკითხი არ არის. ციფრულ სივრცეში ძალადობის მსხვერპლები ხშირად ახალგაზრდა ბიჭებიც ხდებიან.“
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯია ცვლილებისკენ.
ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.
გაეცანით გზამკვლევს - „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ამოიცანი და დაიცავი თავი“
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა თემაზე — პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა. შეხვედრას უძღვებოდნენ ფასილიტატორები ემა კამკია და ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.
შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ, როგორ ვლინდება ძალადობა ციფრულ სივრცეში და როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად. საუბარი შეეხო ციფრული ძალადობის ამოსაცნობ ნიშნებს, მის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ შედეგებს, ასევე სამართლებრივი დაცვისა და დახმარების არსებულ მექანიზმებს.
პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პირადი ანგარიშების დაცვის, ციფრული მტკიცებულებების სწორად შენახვისა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართვის გზების შესახებ.
მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ვფიქრობდი, ონლაინ კონტროლი უბრალოდ ეჭვიანობა იყო. ახლა მივხვდი, რომ ეს ძალადობის ფორმაა.“
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რომ დახმარების მიღება რეალურად შესაძლებელია.“
ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.
გაეცანით გზამკვლევს - „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ამოიცანი და დაიცავი თავი“.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
გეგუთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალების სამიზნე ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე — „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას უძღვებოდა ჯგუფის ლიდერი ქალი.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება ოჯახში ძალადობის ფორმების, ამოცნობის გზებისა და მსხვერპლთა მხარდასაჭერი სერვისების შესახებ. ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მექანიზმებს, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე ქალებმა ღიად ისაუბრეს საკუთარ დაკვირვებებზე. ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ზიანით არ შემოიფარგლება და მას ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფორმებიც აქვს.
მონაწილეთა შეფასებები:
- „პირველად გავიგე ეკონომიკური ძალადობის შესახებ.“
- „გავიგე, როგორ დავიცვა თავი და დავეხმარო სხვებს.“
- „მივხვდი, რომ ის, რასაც ნორმად მივიჩნევდი, ძალადობის ფორმებს შეიცავს.“
- „ბევრი ქალი ფსიქოლოგიურ ძალადობას ნორმალურად აღიქვამს.“
- „ასეთი ინფორმაციის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია.“
- „ეს თემები ყველასთან უნდა განიხილებოდეს — ქალებთან, მამაკაცებთან და ახალგაზრდებთან.“
- „გავიგეთ წყალტუბოს მერიის ადგილობრივი პროგრამის შესახებ.“
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციის ნაკლებობა კვლავ მთავარ ბარიერად რჩება, ბევრმა ქალმა არ იცის, სად და როგორ მიიღოს დახმარება, რაც დროულ რეაგირებას ართულებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ზუგდიდში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალებისთვის, რომელიც ძალადობის პრევენციასა და ქალთა სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე, მათი ამოცნობის გზებზე და იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც მსხვერპლთა დაცვისთვის არსებობს — პოლიციისთვის მიმართვა, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების სერვისები.
შეხვედრის შემდეგ იურისტმა ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია მონაწილეებს. განხილული იყო ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე ოჯახის წევრის დაცვის სამართლებრივი გზები.
„კანონი ქალების დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს და დახმარების მიღება შესაძლებელია,“ — აღნიშნა იურისტმა.
ფსიქოლოგის თქმით, მსგავსი შეხვედრები ქალებს ეხმარება ძალადობის ამოცნობასა და მხარდაჭერის გზების დანახვაში:
„ხშირად ქალები ძალადობას ნორმად აღიქვამენ. ინფორმირება პირველი ნაბიჯია ცვლილებებისკენ,“ — ამბობს ფსიქოლოგი.
შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს მიერ, რეგიონებში ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
სენაკში, ქალების ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე – „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ოჯახში ძალადობის არსის, მისი ფორმების, ასევე მსხვერპლთა მხარდასაჭერი სერვისებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალების ადრეულ იდენტიფიცირებას. ქალებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ და ეფექტიან რესურსებს. მათი შეფასებით, არსებული სერვისები ხშირად არასაკმარისია ძალადობის შემთხვევებზე დროული და შედეგიანი რეაგირებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების როლზე პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში. მონაწილეთა თქმით, ბავშვები ხშირად პირველები ასახავენ ოჯახურ კონფლიქტებს, თუმცა რეაგირება რთულდება მშობლების, განსაკუთრებით დედების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, რაც საბოლოოდ ძალადობის შემთხვევების დაფარვას უწყობს ხელს.
ვორკშოპის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ იდენტიფიცირების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ბევრი ქალი არ ფლობს ინფორმაციას არსებული დახმარებების შესახებ და პრობლემის მარტო გადაჭრას ცდილობს, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებით სრულდება.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ხონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის პრევენციისა და ქალთა სამართლებრივი უფლებების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე და იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც მსხვერპლთა დაცვისთვის არსებობს — პოლიციისთვის მიმართვა, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, თავშესაფრებითა და კრიზისული ცენტრებით სარგებლობა.
შეხვედრის შემდეგ იურისტმა ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია სამ ქალბატონს. განხილულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევა, ფსიქოლოგიური ძალადობა არასრულწლოვანზე (სკოლაში ბულინგის კონტექსტში) და სისხლისსამართლებრივი საქმის სამართლებრივი ასპექტები ოჯახის წევრის დაცვის კუთხით.
„ქალებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ კანონი მათი დაცვის ინსტრუმენტია და დახმარების მიღება რეალურად შესაძლებელია,“ — აღნიშნავს იურისტი.
ფონდი ქალთა ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს მუშაობას ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის რეგიონებში, რათა სამართლებრივი მხარდაჭერა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქალისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ხონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მონაწილეთა მხარდაჭერას ემსახურებოდა. შეხვედრის მთავარი მიზანი უსაფრთხო სივრცის შექმნა იყო, სადაც ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სანდო ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, ესწავლათ ძალადობის ამოცნობა და ეგრძნოთ, რომ ამ გამოცდილებაში მარტო არ არიან.
ფსიქოლოგის განმარტებით, შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალადობის ფორმებს, მის გავლენას ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე და იმ გზებს, რომლებიც დახმარების მიღებას შესაძლებელს ხდის:
„ხშირად ადამიანები ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ ისე, რომ ეს მათთვის ნორმად იქცევა. ასეთ შეხვედრებზე ისინი პირველად აცნობიერებენ, რა არის ძალადობა და რატომ არ უნდა მოითმინონ ის,“ — აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ხონში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პირველად გააცნობიერა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალადობის ფორმაა. მიღებული ინფორმაციისა და მხარდაჭერის შემდეგ, მან ისარგებლა გადამისამართებით და მიიღო იურიდიული კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს ასევე სთავაზობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისებს.
შეხვედრების მნიშვნელობაზე თავად მონაწილეებიც საუბრობენ:
„აქ მივხვდი, რომ ჩემი ტკივილი ნორმა არ იყო და დახმარების მიღება შემიძლია,“ — ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.
სხვა მონაწილე კი ხაზს უსვამს ცოდნის გაძლიერების როლს:
„ცოდნამ მომცა ძალა და ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ვეტყვი, რომ საკმარისია.“
ფსიქოლოგის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად ხდება პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, იღებს მხარდაჭერას და იწყებს უსაფრთხო გზების ძიებას:
„აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრებს, ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ და ამას ნორმად აღიქვამენ, აცნობიერებენ რეალობას და ხვდებიან, რომ ძალადობა არ უნდა მოითმინონ და დახმარება ხელმისაწვდომია.“
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
