ახალგაზრდებთან მუშაობა

ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები  ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას  გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.

ქვეყანაში ცოტაა სივრცე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ურთიერთობებისა და გართობისთვის, ეს სერიოზული გამოწვევაა რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები. მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი  პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება: მისი თაოსნობით წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „ლიდერ გოგონათა სკოლა“, რომელმაც არაერთ დევნილ გოგონას გაუხსნა გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისა და წარმატებისკენ.

ცნობილია, რომ მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდებს უყალიბდებათ ქცევათა არქეტიპები, რომელთაც შეუძლია კრიტიკული გავლენა იქონიოს როგორც უშუალოდ მათ ცხოვრებაზე, ასევე მთლიანად საზოგადოებაზე. ამიტომ ფონდი „სოხუმი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათთან, განსაკუთრებით  ვაჟებთან მუშაობას არაძალადობრივი ცნობიერების ფორმირების ხელშეწყობის კუთხით.

2021 წლის მარტიდან ახალგაზრდებთან მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა - 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაიდო შეთანხმებები და ახალგაზრდულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები (სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი).

ფონდი „სოხუმის“ მიერ  2008 წლიდან დანერგილი ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის ფარგლებში გამართული დისკუსიები ტოლერანტობის,  აგრესიისა და ბულინგის გამოვლინებების მიმართ საზოგადოების შეურიგებლობას უწყობს ხელს და ამკვიდრებს თაობათა შორის პოზიტიური კომუნიკაციის პრაქტიკას.

2021 წლის ივნისში შეიქმნა თოჯინების თეატრი. პირველი წარმოდგენა დაიდგა ქართული ხალხური ზღაპრის „გვრიტის“ საფუძველზე და მისი მთავარი თემაა ტოლერანტობა, პრობლემის მოგვარება არაძალადობრივი გზით.

2021 წელს დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) შეიქმნა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც USAID-ს მხარდაჭერით ბევრ მნიშვნელოვან, სამშვიდობო ხასიათის აქტივობას ახორციელებენ.

ამ მიმართულებით ფონდ „სოხუმს“ გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციასთან Brot für die Welt.

სხვადასხვა დროს საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: HumanDoc foundation, Mama Cash, Nesehnutí, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, კანადის საელჩო თურქეთში, სომხეთის ორგანიზაცია „ქალები განვითარებისთვის“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები