ფონდის მიერ ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები“ სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება, მობილიზება და მათი ჩართვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში.
ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული, რაც ორგანიზაციის გამოცდილების მულტიპლიცირების და აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ორგანიზაციის ექსპერტიზის და სერვისების გაცემის საშუალებას იძლევა.
ფონდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განვითარებაზე, შესაბამისი ტრენინგების მიწოდების, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერის გაწევის, საჭიროებათა კვლევის განხორციელების და გენდერული პროგრამების და ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის გზით.
2018 წელს ქუთაისში, ფონდის ოფისში გაიხსნა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციით; გაიაროს ბუღალტერიის, ჭრა-კერვის, კომპიუტერის შემსწავლელი და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს აქვთ ბიზნესპროექტის დაწერის და კონკურსის შედეგად - მცირე გრანტის მიღების შესაძლებლობა.
„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ 2021 წლის აპრილში ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა მიმდინარეობს 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.
ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად შეიქმნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.
2022 წელს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისში გახსნა სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრი. გადმომისამართება ხდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან. აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს ბავშვებთან ერთად შეუძლია 10-15 დღე იცხოვროს მშვიდ და კომფორტულ გარემოში.
ცენტრში არის: ოთხი საძინებელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, საბავშვო მოედნები, კულტურული დასვენების კუთხეები. აქ მყოფები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით.
ბავშვებთან გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ატარებს პედაგოგი. ქალებთან კი კომპლექსურად მუშაობენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი; ეხმარებიან ფსიქორეაბილიტაციაში, სათანადო საბუთების მომზადებაში, თავიანთ მომავალში გარკვევაში.
2022 წელს შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.
ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.
ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ვებგვერდი შეიქმნა კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით.
2023 წელს ვებგვერდის პანელზე შეიქმნა ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა. აქ მოცემულია ოფიციალური სტატისტიკა ცალკეული რეგიონის მიხედვით და ქალთა ფონდი „სოხუმის" სტატისტიკა https://sosfsokhumi.ge/map
ამ მიმართულებით ფონდ „სოხუმს“ გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციასთან Brot für die Welt.
სხვადასხვა დროს საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: ქალთა გლობალური ფონდი, HumanDoc foundation, Filia, Mama Cash, NesehnutI, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG), საფრანგეთის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანადის საელჩო თურქეთში.