სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები მოდიან მძიმე გამოცდილებით: გადაუმუშავებელი ტრავმებით, ხანგრძლივი სტრესით, უიმედობის განცდით, დაბალი თვითშეფასებით და რთული სოციალური მდგომარეობით. თუმცა ამ სირთულეების მიღმა მათში არის ბრძოლის უნარი და ბედნიერი მომავლის რწმენა.

სწორედ რწმენის გასაძლიერებლად ქალებს შევთავაზეთ პოლიმერული თიხის მასტერკლასი, რომელიც პედაგოგმა მაკა ჯიშკარიანმა ჩაატარა. შემოქმედებითი პროცესი მხოლოდ ხელსაქმე არ ყოფილა - ეს იყო თერაპიული გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შინაგანი რესურსების გააქტიურება.

მასტერკლასის მონაწილე ქალების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა ბუნებრივი ნიჭი და დიდი სურვილი, რომ ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს. 

მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობოდა ფერი, ემოცია და სიახლის იმედი. ეს დღე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ცვლილებისკენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაზაფხულია ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში - ჰაერში, ეზოს ყვავილებში, ქალების განწყობაში.

ფოტოებზე არ ჩანს, მაგრამ ქალების კმაყოფილება ვიცით, გვიზიარებენ, მოსწონთ ჩვენი ზრუნვა და მადლიერებას გამოხატავან.

ერთ ფოტოზე ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძეა - მას ყველაზე მეტად ენდობიან ქალები, თავიათ პრობლემებს, განცდებს უზიარებენ და მისგან საჭირო რჩევებს იღებენ.

მეორე ფოტოზე - პროექტის კოორდინატორი ლელა ჯალაღონია და ასისტენტი ხათუნა გოგუა ესაუბრებიან ქალებს -  მათთან უფრო თავშეკავებულები არიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ მოსწონთ ცენტრში ყოფნა, გარემო, მათ მიმართ დამოკიდებულება და რომ ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან... 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იანვრის ცივი დღეებია, სარებილიტაციო ცენტრში კი თბილა. ბუხრის ცეცხლი კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს აძლევს აქაურობას.

იამზე გუმბერიძე ერთ-ერთ სტუმარს იურიდიულ კონსულტაციას უტარებს. ლელა უზარაშვილი ბავშვებს ართობს. 

ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე თვის ემოციებს გვიზიარებს: „გვინდოდა სტუმრებისთვის შეგვექმნა სადღესასწაულო გარემო ძველით ახალ წელს, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა. იყო მხიარულება, მუსიკა, თერაპია და ერთმანეთისთვის კეთილი სურვილების გაზიარება. განსაკუთრებით გამხიარულდა ოთხი წლის ლუკა... სარეაბილიტაციო ცენტრში მოსულებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური მხარდაჭერა. მათ ოჯახებს აქვთ რთული მატერიალური მდგომარეობა, ჩვენი მუშაობა მიმართულია ბენეფიციარების ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მათი ემოციური სტაბილურობის აღდგენისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. პროცესში გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითვალისწინებს თითოეულის საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასიხარულო იყო ფინალური შეხვედრა სენაკში. დასრულდა ჭრა-კერვის საბაზისო კურსი. ორი თვის განმავლობაში ქალებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს და ბოლოს სერტიფიკატებიც მიიღეს.

ყოველ მათგანს კარგი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი აქვს და აწი ყველაფერი მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმატებული ფინალი

ულამაზესი ნამუშევრები წარმოადგინეს ფინალურ შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა. ქუთაისის დღის ცენტრში ორთვიანი სწავლა, შრომა და პრაქტიკა წარმატებით დასრულდა. სწავლასთან ერთად პერიოდულად ტარდებოდა ფსიქოლოგის თერაპიული სეანსები - ჯგუფური და ინდივიდუალური. ამიტომაც აქვთ კარგი შედეგი ქალებს: შეისწავლეს ახალი საქმე, აუმაღლდათ თვითშეფასება, კმაყოფილებას და მადლიერებას გამოხატავენ, მიიღეს სერტიფიკატები და აქვთ იმედი, რომ პრაქტიკაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოქტომბერში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ ქალები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან.

მათთან კომპლექსურად იმუშავეს ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა. ყველაზე მეტ დროს ფსიქოლოგი ატარებდა. ამიტომაც მას სათქმელიც მეტი აქვს:

„ყოველდღიური ურთიერთობით თანდათან გაიხსნა მათი შინაგანი სამყარო. ამბობდნენ, რომ ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც წლების მანძილზე ტვირთად ატარებენ. ერთ მათგანს ბავშვობიდან ჩაუნერგეს მორჩილებაში ცხოვრება და, უკვე ასაკში მყოფი, კარგად ხვდება, რა ზიანი მოუტანა უსიტყვო მორჩილებამ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია... მისთვის შვება იყო, როცა ვუსმენდი მის ისტორიას. არ უნდოდა საუბრის დასრულება, იმიტომ რომ უსმენდნენ“.

ქალებმა  ჩანაწერები დატოვეს. ფრაგმენტები მათი წერილებიდან:

„ადგილი, სადაც ვისვენებ, არის სულიერი სამოთხე“... 

„ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ მეცხოვრა“...

„ეს არის ადგილი, სადაც შევძელი მეფიქრა ბედნიერ მომავალზე და, ვფიქრობ, აუცილებლად დავაღწევ თავს წარსულის მოგონებებს. მიყვარხართ“...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალები ნათელ, მზიან ოთახში მეცადინეობენ და ზოგჯერ „სასწაულებსაც“ ახდენენ...

მასწავლებელი მაკა ჯიშკარიანი უშურველად უზიარებს მათ თავის ცოდნას, გამოცდილებას, უამრავ საიდუმლოებას...

ქუთაისის დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი დაიწყო.

პირველივე გაკვეთილებიდან იგრძნობა ინტერესი, მონდომება. სიხალისე... ორი თვის შემდეგ, შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ და იტყვინ, რომ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.

25 წლის ქალი, სამი შვილის დედა, დაშინებული და დამცირებული, მძიმე გამოცდილების შემდეგ ცენტრში მოხვდა. პირველ დღესვე აღნიშნა პროფესიული გუნდის გულისხმიერება. 

ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის, ბავშვებთან მუშაობის ასისტენტის ერთობლივმა ძალისხმევამ ეს შედეგი გამოიღო: „ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი წარმომედგინა, რომ მსგავსი მხარდამჭერი სერვისი სადმე არსებობდა... აქ ნამდვილად იგრძნობოდა სითბო, ყურადღება და ზრუნვა“...

ცენტრში მან პირველად დაიჯერა, რომ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. პატივისცემა, ზრუნვა და გულწრფელი მხარდაჭერა გახდა მისი პირველი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ. 

ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა. ცენტრში მოსული ყოველი ქალი თავის ისტორიას წერს...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო. 

საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება... 

მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო... 

კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები