ვისწავლე, მივხვდი, გავიგე, შემიძლია...

მე ვისწავლე, მივხვდი, გავიგე, უკვე შემიძლია - ამ სიტყვებს მოზარდები ამბობენ ჩვენი ვორკშოპების შემდეგ.

ეს სიტყვები ცვლილებებს გამოხატავს მათ ხასიათში, ქცევაში, დამოკიდებულებებში.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი: ამ გოგო-ბიჭებს ესწავლათ, გაეგოთ, გაეკეთებინათ...

„კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“ - ასე ჰქვია მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგი  ლარისა (ლელა) შენგელია.

წესი ასეთია: სკოლაში შეირჩევა ჯგუფი 10-15 მოსწავლისგან - ძირითადად, მეშვიდე-მეცხრეკლასელები. ჯგუფთან თვეში ერთხელ იმართება ვორკშოპი სხვადასხვა თემაზე: რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის სტადიები,  კონფლიქტის მოგვარება ადრეულ სტადიაზე და ა.შ.

ჯგუფი ხუთი თვის მანძილზე გადის სწავლებას, შემაჯამებელ შეხვედრაზე კი ტრენერის დახმარებით ბავშვები ამზადებენ ცალკეულ თემას და აკეთებენ პრეზენტაციებს.

მუშაობის შედეგად:

სკოლაში რჩება კონფლიქტის მართვის ჯგუფი - პატარა კონფლიქტოლოგები, რომლებიც თავად იწყებენ მუშაობას თანატოლებთან.

ამ მოდელით მუშაობა საინტერესოდ ტარდებოდა სკოლებში. პანდემიამ შეცვალა ცოცხალი ურთიერთობები, თუმცა საქმე არ შეფერხებულა. შეიქმნა მესენჯერ-ჯგუფები, მესენჯერ-ოთახები, ჩაირთო ონლაინ პლატფორმები - მაგალითად, Zoom, სკოლის დირექტორებმა დაახმარეს პროგრამა TEAMS...

მოინდომა ყველამ:  ტრენერმა, სკოლების ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და ხუთი თვის თავზე შედეგიც დადგა.

როგორები არიან პატარა კონფლიქტოლოგები?

აღიარებენ, რომ იყვნენ კონფლიქტურები, ფიცხები, თავშეუკავებლები...

ახლა კი მიხვდნენ, რომ შეიძლება კონფლიქტს აარიდო თავი, დათმო, წახვიდე თანაშრომლობაზე...

ისწავლეს, რომ შეიძლება კონფლიქტის მოგვარება.

ისინი თავად წერენ ამის შესახებ და ეს მონაწილეთა ერთი მცირე ნაწილია:

მარიამ ტოტოჩავა, გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე: „ყველაფერს მაშინ მივხვდი როცა, ჩემს სივრცეში გაჩნდა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლელა შენგელია, ჩემთვის საჭირო ადამიანი. იგი გვიხსნიდა, როგორ ვიცხოვროთ კონფლიქტის გარეშე, როდის უნდა გავაცნობიეროთ: „მოდი გავჩერდები“, „შეიძლება საბოლოო შედეგი ორივემ ვინანოთ“... როცა ყველაფერი გავაანალიზე, ცხოვრებას სხვანაირად შევხედე. ვისწავლე საკუთარი თავის მართვა, რაც ბევრს არ გამოსდის“.                                                          

თემურ ახობაძე, სოფელ მელაურის (სამტრედიის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე: „თუ როდესმე გავხდები კონფლიქტის ან ბულინგის მსხვერპლი, მარტივად დავაღწევ თავს აქ მიღებული ცოდნით. თუ შევესწრები კონფლიქტის ფაქტს, შევეცდები, ავუხსნა მის მონაწილეებს, რომ ჩხუბით პრობლემა არა თუ მოგვარდება, არამედ გამწვავდება. დიდი მადლობა ფონდ „სოხუმს“ ასეთი კარგი პროექტისთვის და ლელა შენგელიას გაწეული შრომისთვის“.

მიულერ ფიფია, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე: „ვაღიარებ, რომ ზედმეტად კონფლიქტურიც კი ვარ, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემი კონფლიქტურობა არაფერს მარგებს. ამაში ეს პროექტი ძალიან დამეხმარა: გავიგე კონფლიქტისშემდგომი რისკების შესახებ და ამან ძალიან დამაფიქრა. ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ გამოვიდე სხვადასხვა სიტუაციიდან ჩხუბის გარეშე. ისიც, რომ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად რაღაც-რაღაცების დათმობა და კომპრომისზე წასვლა მომიწევს. ეს მომავალში ფარად დამხვდება და გამოუვალი სიტუაციიდან, ვფიქრობ, ადვილად დავაღწევ თავს კონფლიქტის გარეშეც. სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი მიზანი“.

„გიხარია, რომ შენს შრომას შედეგი მოაქვს. თვიდან თვემდე, შენს თვალწინ იცვლებიან მოზარდები და გჯერა, რომ ისინი არა მარტო თვითონ იქნებიან არაკონფლიქტურები, ტოლერანტულები და მეგობრულები, არამედ სხვებზეც მოახდენენ გავლენას,“ - ამბობს ტრენერი ლელა შენგელია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

განახლდა პარასკევი, 19 თებერვალი 2021 06:54

მედია

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები