ორი ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ ფარგლებში. ბავშვებთან ჩატარებულ ვორკშოპზე საუბარი შეეხო ბულინგს, სტერეოტიპებს, რომლებიც იწვევს კონფლიქტს და ხშირად გადაიზრდება ძალადობაში. ითქვა იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ კონფლიქტები და ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე. მეორე ვორკშოპში აქცენტი გაკეთდა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, რომ ჰარმონიულად შეიკრას სამკუთხედი: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს პრობლემების მოგვარებაში და ითანამშრომლოს მასწავლებლებთან. შეხვედრას მშობლებთან ერთად შვილებიც ესწრებოდნენ და ის აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა.