ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იყო ღონისძიებების კასკადი: მრგვალი მაგიდა, აქცია, საინფორმაციო შეხვედრები, იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ესეებისა და ნახატების კონკურსი. მოწყვლად ჯგუფებს დაურიგეს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში შეკერილი მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები. ასევე სამიზნე სკოლების მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ძალადობისა და ბულინგის თემატიკაზე. აღინიშნა, რომ პანდემიის დროს იმატა ძალადობის ფაქტებმა და მსგავსი შეხვედრებით ბენეფიციარებს ეძლევათ იმედი, რომ მარტონი არ არიან.