ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მიუძღვნა პროექტი „ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს“. როგორც პროექტის ანოტაციაშია ნათქვამი, ხონის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში ქალების უმეტესობა პასიურია. მათ არა აქვთ ინფორმაცია გენდერულ ძალადობაზე. პროექტში სწორედ ის ქალები ჩაერთნენ, რომლებიც არ ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ღონისძიებებს. გაიმართა ქალების ჩემპიონატი ნარდში. ამით დაიმსხვრა ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც სპორტული თამაშები ბევრს მამაკაცთა საქმედ მიაჩნია.
ჩემპიონატს დაესწრნენ ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პოსტერ-კალენდარი, რომელზეც აღბეჭდილია 2016 წლის იმერეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული - საფეხბურთო კლუბი „აფხაზეთი“. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პოსტერის სლოგანი „ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“
ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ კალენდრები და საინფორმაციო ფურცლები. ყველა ეთანხმება აზრს, რომ ძალადობა დასაგმობია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალადობრივი შემთხვევების შემცირებისათვის.