წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიის სახედ აირჩია წყალტუბოს რაგბისტთა კლუბი „დინოზავრები“.
პროექტს „არა - ქალთა მიმართ ძალადობას!“ უძღოდა მოსამზადებელი მუშაობა - საინფორმაციო შეხვედრები კლუბ „დინოზავრების“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერ-კალენდარი რაგბისტების ფოტოსურათით. იგეგმებოდა აქტივობები სტადიონზე, მაგრამ უამინდობის გამო ამ პერიოდში მატჩი არ გამართულა. ამიტომაც მოხდა პროექტის კორექტირება - ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი ღონისძიება. ერთი - საინფორმაციო შეხვედრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან, 3 დეკემბერს კი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეს - წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში. აქ გაიმართა ნახატების კონკურსი „ოჯახი ძალადობის გარეშე!“
შეხვედრების ყველა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია კამპანიის შესახებ, განსაკუთრებით იმის თაობაზე, როგორ მოქმედებს ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე. მონაწილეთა თქმით, ეს შეხვედრები აქტუალური და სასარგებლო იყო.