22 აპრილს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელობაც დაესწრო და გაეცნო საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე დგას დღის წესრიგში.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი წევრების უდიდესი უმრავლესობა ჩაერთო გენდერულ საჭიროებათა შეფასებაში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. განისაზღვრა კვლევის ვადები და შემსრულებლები.
მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით მერიისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე; ჩამოაყალიბეს საკითხთა ნუსხა, რომელიც პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
გამოიკვეთა, რომ იზრდება ბათუმის გენდერული საბჭოს თანამშრომლობის მასშტაბები ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. სხდომას ესწრებოდა ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დაისახა კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული საკრებულოსა და მერიის გენდერული მრჩევლები. ორ ყველაზე მოწყვლად ოჯახს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.
სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. მათ შორის თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლების საკითხი.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით