ქუთაისში, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში, იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“, ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა.
ფონდის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები, ჩატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩეხეთის გამოცდილებას სამოქალაქო მონაწილეობის და გენდერული მარკერების გათვალისწინების კუთხით; ასევე კვლევებს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ადგილობრივი გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგია. კვლევები შეეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკას და გამოწვევებს; გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს და სხვ., დახატავს საინტერესო სურათს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოცდილების, გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებებით.
შეხვედრის მონაწილეების აზრით, არის შესამჩნევი უკუსვლა ადგილებზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენების კუთხით. მიზეზად დასახელდა არჩევნების შედეგად ახალი ადამიანების მოსვლა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც გენდერული განათლების, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენების, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას უჩვენებს.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით