მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს საქმიანობას და ხელს შეუწყობს საზოგადეობრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას - აღინიშნა დასკვნით კონფერენციაზე, რომელმაც შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები. კონფერენცია გაიმართა 25 ივლისს, სასტუმრო „ოსკარში“. ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (აბაშა, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
გამომსვლელებმა შეაჯამეს საბჭოს სამწლიანი გამოცდილება, შეკრებილებს გაუზიარეს ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, ადგილობრივი საჭიროებების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, ამომრჩეველ ქალთა კლუბთან და ადგილობრივ მასმედიასთან თანამშრომლობაზე.
კონფერენციაზე მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მის გაგრძელების და მხარდაჭერის აუცილებლობას. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო გამოცდილება დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი გენდერული საბჭოები საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული შესწორებების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს გენდერული საბჭოების შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან.