სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა. კვლევის ფარგლებში გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან, ექიმებთან, ლიდერ ქალებთან, ახალგაზრდა მშობლებთან, შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ადამიანებთან; 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ექსპერტებთან ეკონომიკის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ჯანდაცვის საკითხებზე. ანკეტური მეთოდით გამოკითხულ იქნა 200 ადამიანი - სოციალურად დაუცველი ქალები, დევნილები, მცირე მეწარმე ქალები და ახალგაზრდები.
კვლევის შედეგად დაფიქსირდა სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები – სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხელფასის მომატება,ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებზე, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის, გრძელვადიანი საბანკო დაბალპროცენტიანი კრედიტები, შინმოვლის პროგრამები და მრავალი სხვა.
ეს არის მესამე კვლევა, რომელიც არსებობის სამი წლის მანძილზე ჩაატარა საბჭომ. შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.