გასულ თვეს ზუგდიდის, წალენჯიხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა სამოქალაქო ფორუმები (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში). ფორუმის ბოლოს ყველგან შეიქმნა ათკაციანი სამუშაო ჯგუფები. სწორედ ამ ჯგუფებისთვის ფონდმა „სოხუმმა“ საირმეში ჩაატარა ტრენინგი თემაზე „რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“.
ტრენინგზე მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა 1325-ის ლოკალიზაციის მნიშვნელობაზე, იმ ამოცანებზე და საჭირო ღონისძიებებზე, რომელთა დახმარებით მათ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული სხვა ჯგუფების სოციალური დაცვა, ეკონომიკური გაძლიერება, და ყველაზე მთავარი - მათი უშუალო ჩართულობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციის პროცესში.
გაკეთდა „საგზაო რუკა“ თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. განისაზღვრა ღონისძიებები თვითმმართველობის, სხვა ადგილობრივი ჯგუფების ჩართვით. ტრენინგის მონაწილეთა აზრით, დაგეგმილი საქმიანობა ხელს შეუწყობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას და მათი უფლებების რეალიზებას.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).