პროექტის „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მდგრადი მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში დაიწყო ვორკშოპების ციკლი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“.
პირველი ვორკშოპი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა. აუდიტორია მრავალფეროვანი იყო: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტი ქალები, სტუდენტები, პედაგოგები, იურისტები, ჟურნალისტები.
ვორკშოპებს უძღოდა კვლევები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში: ქუთაისში, ხონში, ხურჩა-ზუგდიდში, სენაკში, წყალტუბოსა და ფოთში. ვორკშოპი სწორედ ამ კვლევის შედეგების პრეზენტაციით დაიწყო, რასაც მოჰყვა ჯგუფური სამუშაოები - რა უნდა გაკეთდეს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
მონაწილეებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები ცალკეული კომპონენტების მიხედვით. შემუშავდა საერთო რეკომენდაციები, რომელიც წარედგინება შესაბამის ორგანოებს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადამიანური უსაფრთხოების თემამ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ ვორკშოპზე. მრავალფეროვანმა აუდიტორიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ვორკშოპი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. რეკომენდაციებში კარგად წარმოჩნდა, რომ გენდერულ ჭრილში უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რადგან ქალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სტაბილური, ჯანსაღი მომავლის გარანტიას იძლევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)