„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.
ფონდი „სოხუმის“ ახალ გამოცემაში გაანალიზებულია ჩატარებული კვლევის შედეგები.
კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები. გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, გამოყენებულ იქნა ამ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები.
მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.