სამუშაო შეხვედრა ვენაში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - ვენაში კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დაწყებისთვის. პროექტის მიზანია, შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების და პრევენციის საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელთაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.
პროექტში ჩართულნი არიან WAVE წევრი ორგანიზაციები - სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/
ეკატერინე გამახარია დაესწრო WAVE-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სხდომის ბოლო სესიას (11 მაისი), სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ WAVE-ის პროექტები და ქსელის წევრ ორგანიზაციებში დაგროვილი ფართო ექსპერტიზა გახადონ უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი ქალთა ორგანიზაციებისათვის.