მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ (რომლის წევრიცაა ქალთა ფონდი „სოხუმი“) წევრებთან შეხვედრა გამართა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამყოფი ზოლის მიმდებარედ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვეს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მეტი ძალისხმევის გაწევის, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების არსებული პროგრამების გაძლიერების და განვითარების აუცილებლობაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული პლატფორმების წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.