ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის - ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკების გაძლიერება

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — „ძალადობა, ტრავმაზე რეაგირება და ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკები“, რომელსაც უძღვებოდა პარტნიორი ორგანიზაციის, Danner-ის ტრენერი - კარენ ბოსენი. ტრენინგის მიზანი იყო ქალებთან მუშაობის კიდევ უფრო მგრძნობიარე, უსაფრთხო და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება.

მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ნორმები და სტერეოტიპები, ძალადობის მრავალშრიანი ბუნება და სოციალური-ეკოლოგიური მოდელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის სხვადასხვა ტიპის გააზრებას, იძულებითი კონტროლის მექანიზმებსა და იმ უხილავ ზიანს, რომელიც ფიზიკური კვალის გარეშეც აზიანებს ქალის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრავმაზე რეაგირების ოთხი ძირითადი ფორმა - შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა და მაამებლობა - როგორც გადარჩენის ბუნებრივი მექანიზმები. ხაზი გაესვა იმას, რომ მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებას, ნდობასა და ქალის არჩევანის პატივისცემას, რათა დახმარება ახალი ტკივილის წყაროდ არ იქცეს.

მესამე დღე დაეთმო პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თვითზრუნვის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ მოუსმინონ ძალადობაგამოვლილ ქალებს განსჯის გარეშე, როგორ შეინარჩუნონ პროფესიული სიფრთხილე და ამავე დროს დაიცვან საკუთარი ემოციური რესურსი პროფესიული გადაწვისგან.

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება ფონდი „სოხუმის“ გუნდს, ქალების მხარდაჭერა კიდევ უფრო ტრავმაზე ორიენტირებული, თანაგრძნობაზე დაფუძნებული და უსაფრთხო გახადოს.

ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია Danner-სა და ტრენერ კარენ ბოსენს მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები