ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ორგანიზებით 11 მარტს ონლაინ გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც EUMM-ის, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ - შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედით და ეფექტიან მონაწილეობას. მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ქალებს საკუთარი პრობლემების ადვოკატირების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაში. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერების, მათი ინფორმირებულობის გაზრდის და ადგილებზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებლობაზე. ასევე გაუსვა ხაზი საერთაშორიsო ორგანიზაციების, თემების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირების ეფექტიანობას.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

„ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისთვის“  - ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტს.

პირველ რიგში, შეირჩა სკოლები და მონაწილეები, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფს აკმაყოფილებენ - მერვე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები.

პროექტში ჩართულია ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 8 სკოლა.

მუშაობის პირველ ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა: რამდენად ტოლერანტულები, კომუნიკაბელურები, მშვიდობისმოსურნეები არიან მოზარდები და როგორ უწყობენ ხელს არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბებას. 

უკვე შევსებულია 50 კითხვარი, მიმდინარეობს მათი დამუშავება და პარალელურად -  მზადება პროექტის შემდეგი აქტივობებისთვის.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები