ბენეფიციართა მადლიერება - ფსიქოლოგის მუშაობის შედეგი

  • ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2022
  • 369 ჯერ

მარინე 28 წლისაა. დეპრესიაში იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: „ყველაფერი გაჩერდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ჩემთან ერთად ტიროდა დედაჩემიც. ერთხელ ასე თვალცრემლიანებს დედის მეგობარი შემოგვესწრო და მირჩია, დახმარებისთვის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან მივსულიყავი. თითქმის რვა თვე ვსწავლობდი, ახლებურად შემეხედა ჩემი თავისთვის. ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება არა მარტო ჩემი ღიმილისთვის, არამედ იმ სხივისთვის, ჩემი დედის თვალებში რომ არის ახლა“...

მარინე ერთ-ერთია ფსიქოლოგის მადლიერ ბენეფიციართაგან. ასეთი უამრავია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

სექტემბერში ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ჩოხატაურის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აგრეთვე ქობულეთში – ოღონდ ონლაინ. ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 23-მა ბენეფიციარმა.

რეგიონალური მუშაობის გარდა, ქუთაისში, ორგანიზაციის ოფისში 11 ბენეფიციართან ტარდებოდა ფსიქოთერაპიული მუშაობა. სამშაბათობით კი სარეაბილიტაციო სესიებს გადიოდა 4 ქალი, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსს გადიან. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: მადლობა,  რომ დამეხმარეთ ჩემი შინაგანი რესურსების მოძიებაში, ჩემი ტრავმების, ტკივილის და სტერეოტიპული ქცევის გაცნობიერებაში.

მადლიერი ბენეფიციარების სიტყვები, მათი მოგვარებული პრობლემები – ფსიქოლოგის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები