პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: შამგონას და ინგირის და ქალაქის სხვადასხვა ჩასახლების დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეებთან. შეხვედრის მიზანი - ონლაინ პლატფორმის - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის გაცნობა, რაც თვალსაჩინოს ხდის წინასაარჩევნო პროგრამებს და  მოქალაქეს უჩვენებს მის პოზიციასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ სუბიექტს. შეხვედრის მონაწილეებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დააფიქსირეს არჩევნების თემის მიმართ, თუმცა აპლიკაციის იდეით დაინტერესდნენ.

 

ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად  კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.

რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.

 

ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფი აქტიურად მუშაობს თვისებრივი კვლევის მიმართულებით. საკვლევი თემა - ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შეთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებული გამოწვევები (ბავშვთა მოვლის სერვისების მიმართულებით); დასაქმების და ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობის კუთხით არსებული გამოცდილება; ძალადობის მსხვერპლი ქალების წინაშე არსებული ბარიერები თავშესაფრიდან/კრიზისული ცენტრიდან გასვლის შემდგომ.

კვლევის პროცესში შეგროვდა საინტერესო ინფორმაცია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების  მიერ მიწოდებული მომსახურების თაობაზე. 

 

  • ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021

ძალადობა ოჯახში - რამდენად გახსნილია საზოგადოება ამ თემაზე სასაუბროდ, რა უშლის ხელს პრობლემათა იდენტიფიკაციას, რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული რეაგირების მექანიზმებზე, ვის მიმართავენ საჭიროების დროს - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები ბაღდათის, წალენჯიხის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. პრობლემებზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობასთან რისკჯგუფის ოჯახების გამოვლენისა და ადრეული რეაგირების კუთხით.

მონაწილეთა აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

  • ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან და მსჯელობენ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით.

ივლისში შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა ამ კუთხით არსებული პრობლემები გამოკვეთეს. მუშაობაში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი.

ძალადობის შემთხვევების პარალელურად შეხვედრებზე სოციალური პრობლემებიც დაისვა და აქტივისტმა ქალებმა მათი ადვოკატირება გადაწყვიტეს.

ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრმა - ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით 4 შეხვედრა ჩაატარა  -ძირითადად, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. შეხვედრებმა მოიცვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: კახათი, ანაკლია, ინგირი. მოდერატორებმა ისაუბრეს, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას, როგორია გამოყენების ინსტრუქცია და რას მოიცავს ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული კითხვარი.

მოქალაქეები ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას ხმის ელექტრონულ მრიცხველზე. თავადაც წარმოაჩინეს საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად   მუნიციპალიტეტისგან მეტ მონაწილეობას ელოდებიან. გამოიყო საკონტაქტო პირები, რომლებიც პლატფორმის ამოქმედების შემდეგ კიდევ შეხვდებიან  მოქალაქეებს.

10 ივლისიდან 20 ივლისამდე პერიოდში - ხურჩა, კოკი, შამგონა, ინგირი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ეს სოფლები მოიცვა ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის გასაცნობად გამართულმა შეხვედრებმა, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს.

შეხვედრებს მცირე ჯგუფებში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ ინტერესი გამოხატეს პროექტის მიერ გათვალისწინებული სიახლის მიმართ, აქტიური უკუკავშირი დაამყარეს და გამოკვეთეს საკითხები, რომელთა მიმართ პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება აინტერესებთ. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა მიგრაცია.

- ვინ არის ლიდერი, რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, რითი განსხვავდება ლიდერი აქტივისტისგან - ამ საკითხების გარშემო ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა საკუთარი მაგალითებიც დაასახელეს, თუ როგორ არიან ჩართულები სამოქალაქო აქტივიზმში: სკოლის ეზოს გამწვანებაში მონაწილეობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გაჭირვებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, უსახლკარო ცხოველების დაპურება...

ახალგაზრდებმა იციან, რომ ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი ურთიერთკავშირშია და ერთი მეორის განვითარებას უწყობს ხელს.

კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ქალთა საინიციატივო ჯგუფებში. ჯგუფის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსახლეობის საჭიროებების შეფასებაში და ინტერესით მოისმინეს კვლევის შედეგები. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს კვლევის ჩატარების ფუფუნება და მადლობა გადაუხადა ფონდს „სოხუმს“ გაწეული მუშაობისთვის. კვლევა წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გაითვალისწინონ შემუშავებული რეკომენდაციები.

ონლაინ ფორმატში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა, პრობლემებზე იდენტიფიკაცია, მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სიტუაცია...

ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მისია ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია და დაცვაა. ამიტომაც ფონდი „სოხუმი“ მუდმივად ეძებს  თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, რომლებთანც ერთად პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს ცენტრის ბენეფიციარებს.

ამ მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ფონდ „სოხუმსა“ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის.

მემორანდუმის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური და სამართლებრივ დახმარებას, პროფესიული კურსების მიწოდებას, სოციალური მუშაკის და სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებას ქალაქ ქუთაისში.

სააგენტო მსხვერპლს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: ფსიქოლოგიურ-სოციალურ და სამართლებრივ დახმარებას, დროებით სადღეღამისო საცხოვრისს თავშესაფარში, კრიზისული ცენტრით და საკონსულტაციო ცხელი ხაზით (116 006) მომსახურებას რვა ენაზე.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვაში.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები