ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფების და სამშვიდობო კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა საჭიროებების კვლევის „საველე სამუშაოები“ დაამთავრეს. GREWS მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარებული ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები საშუალებას იძლევა, მოხდეს დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება.
მოცემულ ეტაპზე დამთავრებულია მონაცემების სისტემატიზება და მიმდინარეობს ანგარიშზე მუშაობა. იწყება პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები - სამიზნე ჯგუფების ყველაზე პრიორიტეტული საკითხების გამოყოფა ადგილობრივ პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგისთვის, ასევე მუშაობა ონლაინ პლატფორმაზე „ამომრჩევლის აპლიკაცია“ .
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დასრულდა მესამე მონიტორინგი, რომელმაც შეაფასა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხი. მონიტორინგი ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
პუბლიკაციაში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ წარმოდგენილია მესამე მონიტორინგის ანგარიში: მეორე მონიტორინგის შემდეგ მიღწეული პროგრესი და რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
14 მაისს ონლაინ ჩატარდა მორიგი შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროექტის მონაწილეებმა შეკრებილებს გაუზიარეს „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ ამოქმედების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრეს მომავალ არჩევნებში მსგავსი პლატფორმის დანერგვასა და გამოყენებაზე.
სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს მოსაზრებები აპლიკაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და პოლიტიკური ნდობის ამაღლების თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი დანერგვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მონაწილეებმა წარმოადგინეს საპროექტო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები. მათ მოკლედ ისაუბრეს თავიანთ თავზე, იმ დადებით შედეგებსა და გამოცდილებაზე, რაც დაუგროვდათ მუშაობის პროცესში - როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მხრიდან.
ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ კლუბებში მოზარდებმა ტოლერანტობაზე ისაუბრეს. მათ საინტერესო ანალიზი გააკეთეს ტოლერანტობის დეფიციტზე, ტრადიციებზე, შერეულ ოჯახებზე და მათ პრობლემებზე.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტოლერანტობის თემაზე მოამზადეს ესეები და ვიდეორგოლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
ტოლერანტობის პრობლემა იყო ძირითადი თემა ონლაინ ჩართვების დროს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. მოზარდები საუბრობდნენ რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე, გამოიკვეთა მათი შემწყნარებლური დამოკიდებულება. აღინიშნა, რომ ტოლერანტობის თემის განხილვა მოზარდებისთვის აუცილებელია, რადგან ტოლერანტობა ამცირებს ძალადობას.
დეკემბერში კიდევ 4 ვორკშოპი ჩატარდა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტის) და ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.
მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის 5 სტილს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან ყველა ჩართვას, ითვალისწინებენ კონფლიქტოლოგის რჩევებს და მეგობრებსაც უზიარებენ.
გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფოთის №4 საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.
მონაწილეებისთვის ახალი და უცხო იყო ეს ინფორმაცია. მათ ისწავლეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება. შეხვედრების ბოლოს მოზარდებმა აღნიშნეს:
„თქვენ ისე გასაგებად გვიხსნით თემას, რომ გაუგებარი არაფერი რჩება“.
„სიხარულით ველოდები თქვენს მესიჯს, თუ როდის ჩაგვიტარდება შეხვედრა“.
„ძალიან მომწონს ეს გაკვეთილები. ვიცი, ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება“.
დეკემბერში ონლაინ მიმდინარეობდა მუშაობა ვაჟებთან. ფონდის „სოხუმის“ ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. ჩართვები გაიმართა ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც. ზუმის პლატფორმაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, ბულინგს, ტოლერანტობას. შეხვედრები დაგეგმილ დროზე მეტხანს გრძელდებოდა, რადგან ბიჭებს ყოველთვის ბევრი კითხვა აქვთ და დისკუსიებიც იმართება. დაიგეგმა იანვრის შეხვედრებიც - ბიჭები ისევ აქტიურად ჩაერთვებიან.
„კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“ – ამ თემაზე ჩატარდა ონლაინ ვორკშოპები ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის) №2 და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა გაიგეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება, რომელ სიტუაციაში რომელი სტილია უფრო მისაღები, როდის უნდა აარიდო თავი კონფლიქტურ სიტუაციას, როდის უნდა წახვიდე კომპრომისსა თუ თანაშრომლობაზე.
მათ აღნიშნეს, რომ ეს საკითხები მათთვის სიახლე იყო და ყველაფერი გასაგებად აუხსნათ კონფლიქტოლოგმა. მონაწილეები დიდი ინტერესით დაელოდებიან მომდევნო ონლაინ ჩართვას, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგონ ამ აქტუალურ თემაზე.