ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“. 

ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:

ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.

მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე,  ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და  თანატოლებსაც გავუზიარებ.

„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ -  ეს არის ახალი პუბლიკაცია, მეორე ანგარიში, რომელიც მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.

მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

მეორე ანგარიშში ნაჩვენებია პირველი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.

დასრულდა ინოვაციური და საინტერესო პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“. 25 მარტს ონლაინ ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც 60-მდე ადამიანი ესწრებოდა.

პროექტის მონაწილეებმა შეკრებილებს გაუზიარეს „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ ამოქმედების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრეს მომავალ არჩევნებში მსგავსი პლატფორმის დანერგვასა და გამოყენებაზე.

სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს მოსაზრებები აპლიკაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და პოლიტიკური ნდობის ამაღლების თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი დანერგვის აუცილებლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო პროექტზე „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. პროექტიდან გამომდინარე, ქალთა და  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. თითოეულ ჯგუფში 20-დან 25-მდე წევრია.

ქალების და ახალგაზრდების ჯგუფები პარალელურად იმუშავებენ და ჩაერთვებიან პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, რაც გულისხმობს  ადგილობრივ დონეზე საჭიროებების შესწავლას და პრობლემების ადვოკატირებას. ჯგუფის წევრები  გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, საგანმანათლებლო სემინარებს, რომელიც მათი კომპეტენციის ამაღლებას, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას ემსახურება. საინიციატივო ჯგუფების მუშაობა მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტში, რომელიც შექმნის შესაძლებლობას ახალი ინიციატივების რეალიზებისთვის და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტოლერანტობის ხარისხის გაუმჯობესებას. 

ფონდი „სოხუმი“ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. 

პროექტი აქტიურად დაიწყო თებერვლიდან და მოიცავს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს.

დაგეგმილია უამრავი აქტივობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები და საბჭოები, ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, მოხდება მცირე გრანტების დაფინანსება და ა.შ.

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო მუნიციპალიტეტის ეთიკის დებულების პროექტის განხილვას. შეხვედრას ჯგუფის წევრების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, ისინი, ვინც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან. შეხვედრამ აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. მოხდა გამოკვეთილ რეკომენდაციებზე  შეჯერება, რათა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ერთ კვირაში აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. ასე ყველას ექნება წვდომა დოკუმენტზე, რომ მის დამტკიცებამდე თავისი წინადადება დააფიქსიროს. 

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების #საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ეს 12 ბავშვი საბერიოში ცხოვრობს და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). ქართულ სკოლაში სწავლობს. საბერიო და ფახულანი აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა სოფლებია. პანდემიის დროს კონფლიქტის გამყოფი ხაზი ჩაიკეტა. სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. 12 ბავშვი დარჩა იზოლირებული, რადგან არ ჰქონდათ ტელეფონი, ინტერნეტი... ოჯახებში სიტუაცია დაიძაბა, გაჩნდა კონფლიქტის და ძალადობის საფრთხე.

ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის დროს გამოავლინა ეს პრობლემა. ადვოკატირება წარმატებით დასრულდა: ფონდმა „სოხუმმა“ გამონახა შესაძლებლობა და ბავშვებს გადასცა სმარტფონები, ჩაურიცხა ინტერნეტის თანხა.

ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გაგრძელდა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერიოში მცხოვრებ ბავშვებს შეღავათიანი ინტერნეტის სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ და 12 მოსწავლე დისტანციურად აგრძელებს სწავლას.  

„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ქალებსა და კაცებს, თავიანთი აქტივიზმით, ერთად შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა. მტკიცედ მჯერა, რომ მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ქალების თანაბარი და აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.“

ეს არის ამონარიდი ეკატერინე გამახარიას გამოსვლიდან.

25 მარტს ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის (CSW65) ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიაში.

ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ სწრაფ მოკვლევაზე, რომელმაც გამოავლინა პანდემიის დამანგრეველი გავლენა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავებაში, რასაც კრიზისის დასაძლევად კრიტიკული როლი აქვს.

ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.

ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს  მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.

 

მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...

კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.

კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...

ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები