„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება, გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის - არასწორად. საჭიროა, რომ ყველამ გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“.

„ყურადღებას გავამახვილებდი მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და კარგ გარემოზე“...

ეს მედიცინის მუშაკებისთვის ჩატარებული ტრენინგის უკუკავშირის ერთი ნაწილია.

ქუთაისში ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

„სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“ - ეს იყო ტრენინგის თემა და ტრენერებთან ერთად მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები...

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ივნისში მუშაობა სამი მიმართულებით წარმართა:

- ხვდებოდა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის 5 ბენეფიციარს, რომლებიც პოლიმერულ თიხაზე მუშაობას სწავლობენ. მათთან ჩაატარა გარკვეული სამუშაო ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლების, პრიორიტეტების გადაფასების და თვითშეფასების ამაღლებისთვის.

- ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ ქალებთან.  მათთან მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ტრავმებზე, წყენაზე სხვადასხვა მეთოდებით: არტთერაპიის, კოგნიტურ-საკორექციო ფსიქოლოგიის ელემენტებით, ფსიქოლოგიური სავარჯიშოებით და ასოციაციური ბარათებით.

- ჩაატარა 12 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია ონლაინ და 15 სესია ქუთაისში მცხოვრებ ქალებთან. სამი ახალი იყო, დანარჩენებთან კი გრძელდებოდა ადრე დაწყებული მუშაობა.

35 წლის ხათუნა 6 თვეზე მეტხანს გადიოდა ფსიქორეაბილიტაციას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე არ უნდოდა, ქალიშვილიც კი აღიზიანებდა, არაფერი ახარებდა.არც სჯეროდა, რომ რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდებოდა ფსიქოლოგის სეანსების შემდეგ. მაგრამ სხვადასხვა მეთოდით მუშაობამ შედეგი გამოიღო: ნელ-ნელა წავიდა შიში, გაღიზიანება, გაჩნდა ახალი პრიორიტეტები, ახალი მიზნები და მათი მიღწევის სურვილი. ის მადლობა უხდის ფსიქოლოგს ადამიანურობისა და პროფესიონალიზმისთვის, მოთმინებისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

10 სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  მობილიზატორები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განმტკიცებას. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა პრობლემების გამოკვეთის და რანჟირების კუთხით. დეტალურად განიხილეს მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების არსი, ეტაპები, განხორციელების ფორმები.

მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე იმსჯელეს ადვოკატირების პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებზე, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები.

აღინიშნა, რომ ტრენინგში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების წარმომადგენლებისთვის, რადგანაც ისინი აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირების და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია  და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც  ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის. მონაწილეები წარმოადგენდნენ 5 მუნიციპალიტეტს: სენაკი, წალენჯიხა, თერჯოლა, სამტრედია, ქობულეთი.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათი შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის შემთხვევების პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით.

აღინიშა, რომ ტრენინგის შემდეგ ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს  და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ჯგუფებს ახალი წევრები დაემატა და დაკომპლექტდა ქალებით, რომლებიც აქტიური მუშაობისთვის არიან მზად. ისინი გაეცნენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს სოციალური თუ ჯანდაცვის კუთხით. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ სერვისებზე, რაც არსებობს და რაც თვითონაც გამოუყენებიათ. ყველა ჯგუფში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

უკვე არის პირველი შედეგები: ერთ ქალს მედიკამენტებით დაეხმარნენ, მეორეს -  საბინაო პრობლემის მოგვარებაში.

ყოველი შედეგი სტიმულია შემდეგი წარმატებისთვის.

ვანში და სენაკში შექმნილ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს შეხვდა პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი. ხოლო ჩოხატაურის, თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

„ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ იმ ინფორმაციებმა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ ქალთა უფლებებზე ავრცელებს, ყველა სოფელში ჩააღწიოს, რადგან ქალებს პერიფერიებში ყველაზე მეტად სჭირდებათ ასეთ საკითხებზე ინფორმაციები.“

„ქალთა გაძლიერება ინფორმირებით უნდა დაიწყოს, როცა მე ვიცი ინფორმაცია,  უკეთესად შემიძლია საკუთარი უფლებების დაცვა.“

„რაც უფრო მეტი ძლიერი ქალი გვეყოლება, მით უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტები და ოჯახური ძალადობის ფაქტები.“

- ეს მოსაზრებები ქალებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე დაფიქსირდა. მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საჭირო ინფორმაციებით მათი აღჭურვაა.

შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. მორიგი შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფისა და ბაღდათის   მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით  სოფელ ფერსათში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზეგანის, საკრაულას და ფერსათის ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორისგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა სერვისები აქვთ მოწყვლადი ოჯახებისთვის. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და სერვისების შესახებ. მონაწილეებმა პრობლემად დაასახელეს ის, რომ მსხვერპლს არ აქვს დაცულობის გარანტია და პრევენციის კუთხით მუშაობა სუსტია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაკვეთილზე საათები ისე ილევა, ვერც ვგრძნობთ..

ფიქრი და ფანტაზია სულ სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

ფერად თიხას თითებს ვაჩვევთ და თან ჩვენი აზრების წაკითხვას ვასწავლით.

მასწავლებელი გვეუბნება, რომ თიხამ უნდა შეგვიყვაროს...

ასე ამბობენ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარი ქალები, რომლებიც მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანთან ერთად დიდი ინტერესით სწავლობენ პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. მეცადინეობებზე საუბრობენ არა მხოლოდ ფერების შეზავებაზე, საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე, არამედ - ხელოვნების თერაპიაზე, რაც პრობლემების დაძლევაში ეხმარებათ.

ყოველი გაკვეთილი საინტერესოა, ერთმანეთთან ურთიერთობაც სახალისოა. სასიამოვნოა ისიც, რომ ბევრს სწავლობენ, ამზადებენ ახალ-ახალ ნაკეთობებს - თითოეულს უკვე ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის ინიციატივა აიტაცა ვანის მუნიციპალიტეტმაც, სადაც ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე უხელმძღვანელებს. კომისია 13 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან მერიის შესაბამისი სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საბავშვო ბაღების გაერთიანების, შსს, არასამთავრობო სექტორის და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.  

კომისია ითანამშრომლებს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც პრობლემის კუთხით აქტიურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები