ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.
ფონდი „სოხუმი“ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“.
პროექტი აქტიურად დაიწყო თებერვლიდან და მოიცავს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს.
დაგეგმილია უამრავი აქტივობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები და საბჭოები, ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, მოხდება მცირე გრანტების დაფინანსება და ა.შ.
„ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისთვის“ - ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტს.
პირველ რიგში, შეირჩა სკოლები და მონაწილეები, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფს აკმაყოფილებენ - მერვე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები.
პროექტში ჩართულია ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 8 სკოლა.
მუშაობის პირველ ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა: რამდენად ტოლერანტულები, კომუნიკაბელურები, მშვიდობისმოსურნეები არიან მოზარდები და როგორ უწყობენ ხელს არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბებას.
უკვე შევსებულია 50 კითხვარი, მიმდინარეობს მათი დამუშავება და პარალელურად - მზადება პროექტის შემდეგი აქტივობებისთვის.
ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი, მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.