ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონაწილეობა მშვიდობის კონგრესზე
ჰააგაში გამართულმა მშვიდობის კონგრესმა, რომელიც მშვიდობის სასახლეში გაიმართა, გააერთიანა 500-ზე მეტი მშვიდობის აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი მნიშვნელოვანი სივრცე გახდა მშვიდობის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევების გააზრებისა და იმ გზებზე ფიქრისთვის, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის აქტივიზმის შენარჩუნება სულ უფრო რთულ გლობალურ კონტექსტში. ღონისძიებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა ქალთა და მშვიდობის გლობალური მოძრაობისთვის.
კონგრესი დასრულდა პანელური დისკუსიით, რომელშიც ქართველი ქალი ლიდერები და მშვიდობის მშენებლებიც მონაწილეობდნენ და რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებული და შემცირებული სამოქალაქო სივრცის მქონე კონტექსტებიდან მომდინარე ხმები მუდმივად დარჩეს გლობალური მშვიდობის დიალოგის ნაწილად.
კონგრესის დასკვნითი ნაწილი იყო ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია. პრემია, რომელიც საქართველოში სალომე ადამიას ხედვისა და ინიციატივის შედეგად დაარსდა, ეფუძნება ბერტა ფონ ზუტნერის - მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის - პაციფისტურ მემკვიდრეობას და მიზნად ისახავს მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ლიდერებისა და აქტივისტების მხარდაჭერასა და აღიარებას.
წელს ეს ღირსეული ჯილდო მიენიჭა ელენე რუსეცკაიას. მისი მრავალწლიანი, თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი წვლილისთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
ჩვენ გულითადად ულოცავთ ელენე რუსეცკაიას ამ ღირსეულ აღიარებას, როგორც ჩვენს ახლო პარტნიორსა და მრავალი ერთობლივი, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტის თანამონაწილეს. ეს ჯილდო ასახავს არა მხოლოდ პირად პროფესიულ გზას, არამედ იმ საერთო ღირებულებებსა და ძალისხმევას, რომლებიც ქალების, მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდასაჭერად გვაერთიანებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიაზე ფინალურ ნომინანტთა სიაში მოხვდა ეკატერინე გამახარია - ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი. ეს ფაქტი წარმოადგენს ფონდი „სოხუმის“ ლიდერი ქალებისა და მშვიდობის მშენებლების საქმიანობის საერთაშორისო დონეზე აღიარების მნიშვნელოვან მაგალითს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი წვლილის მნიშვნელობას გლობალურ სამშვიდობო პროცესებში.
პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით
