• ხუთშაბათი, 24 ივლისი 2025

ხუთ მუნიციპალიტეტში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ხურჩა/ზუგდიდი, წყალტუბო, სენაკი, ვანი, თერჯოლა) გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ქალებზე ძალადობა და ურთიერთობების მნიშვნელობა“.

ეს შეხვედრები ნიშნავს მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ოდესმე ძალადობას გადააწყდა. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის (დარტყმა, ცემა), ის ხშირად არის სიჩუმე, შიში, შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაკარგული თვითშეფასება. ხშირად ძალადობა ხდება უხმოდ, ოჯახის კედლებში, საიდანაც ხმა გარეთ არ გადის. ფსიქოლოგის აზრით, ამიტომაც არის აუცილებელი შეხვედრები და პირადი კავშირები ასეთ ქალებთან, რათა ვუთხრათ: „შენ მარტო არ ხარ“! ერთ შეხვედრაში შეიძლება დაიბადოს ძალა, ალაპარაკდეს, ითხოვოს დახმარება, ჩვენ კი  შევძლებთ მის მხარდაჭერას და გადარჩენას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ახალი მოკვლევა „ქალთა მიგრაციის გენდერული ასპექტები“ იყო მთავარი თემა  სენაკში, წყალტუბოში, წალენჯიხასა და ზუგდიდში (სოფელი ხურჩა) გამართულ შეხვედრებზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტები.  პრეზენტაციის შემდეგ ქალთა ჯგუფები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში სამოქალაქო ინიციატივების იდეების შესახებ. ქალების აზრით, მნიშვნელოვანია მიგრაციის თემაზე ინფორმაციის გავრცელება, მუშაობის ჩატარება მიგრანტი დედების შვილების მხარდაჭერის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, ასევე აუცილებელია ქალების ინფორმირება, თუ რა დამცავი მექანიზმები არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ისინი მიდიან სხვა ქვეყნებში და ვის შეიძლება მიმართონ საჭიროების დროს.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.

25 წლის ქალი, სამი შვილის დედა, დაშინებული და დამცირებული, მძიმე გამოცდილების შემდეგ ცენტრში მოხვდა. პირველ დღესვე აღნიშნა პროფესიული გუნდის გულისხმიერება. 

ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის, ბავშვებთან მუშაობის ასისტენტის ერთობლივმა ძალისხმევამ ეს შედეგი გამოიღო: „ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი წარმომედგინა, რომ მსგავსი მხარდამჭერი სერვისი სადმე არსებობდა... აქ ნამდვილად იგრძნობოდა სითბო, ყურადღება და ზრუნვა“...

ცენტრში მან პირველად დაიჯერა, რომ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. პატივისცემა, ზრუნვა და გულწრფელი მხარდაჭერა გახდა მისი პირველი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ. 

ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა. ცენტრში მოსული ყოველი ქალი თავის ისტორიას წერს...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები მერი გელაშვილი და ლარისა შენგელია და ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი) სათემო მუშაკები მონაწილეობდნენ ორდღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში სოციალური აქტივობის და ქცევითი ცვლილების თემაზე. 

ტრენინგს ესწრებოდა 24 ადამიანი სამი პარტნიორი ორგანიზაციიდან (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი). 

მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების ჯგუფების ფუნქციონირების და ქცევითი ცვლილების მოდელს. ჯგუფური მუშაობის პროცესში მათ განსაზღვრეს თემის საჭიროებები, ქცევითი ბარიერები და შეიმუშავეს პრაქტიკული იდეები თემის საჭიროებებზე მორგებული ცვლილებებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ქცევითი მეცნიერების მოწვეული ექსპერტები. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს თავიანთ თემებში თანმიმდევრული ცვლილებების მიღწევაში.

 

 

ვანში, ღია ცის ქვეშ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრის ერთი მონაკვეთი ციფრულ წიგნიერებას მიეძღვნა.

ჯგუფის წევრები ყოველთვის დიდი ინტერესით ესწრებიან შეხვედრებს. ასე იყო სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქობულეთში, ჩოხატაურში. ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების საჭიროებების შესაბამისად, წყალტუბოში გაიხსნა ჭრა-კერვის კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის. 

შეხვედრების ერთი ნაწილი - წყალტუბოში, წალენჯიხაში, თერჯოლაში, ქუთაისში, სენაკში, ხობში - ონლაინ ჩატარდა, თუმცა არანაკლებ აქტიურად და საინტერესოდ.

ციფრული წიგნიერების მასწავლებელთან ერთად შეხვედრებზე ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელმაც სასარგებლო რჩევები მისცა მონაწილეებს.

ჯგუფის წევრები გაეცნენ ახალ მასალებს ჩვენს ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge/  - „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.

პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი აღნიშნავს: „შეხვედრებზე ვისაუბრეთ სამოქალაქო ინიციატივების შესახებ. ჯგუფის წევრებმა შეავსეს ანკეტები, სადაც ამ ინიციატივებს აფიქსირებენ. მათ აინტერესებთ სხვადასხვა სფერო - მეფრინველეობა, კულინარია, ჭრა-კერვა. ანკეტებშიც ეს და სხვა მიმართულებებია წარმოდგენილი. ქალების აზრით, მათი ინიციატივების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს“. 



პროექტი ხორციელდება  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

  • ორშაბათი, 21 ივლისი 2025

სად არის ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი რისკი?

ჩვენ მიერ შედგენილი რუკა გაჩვენებთ ოჯახში ძალადობის რისკების დონეს დასავლეთ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა  ორი წლის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“: https://sosfsokhumi.ge/

რუკა ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მიზნით - https://sosfsokhumi.ge/map


პროექტი ხორციელდება  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ფოთის დევნილთა დასახლებაში გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სოციალური აქტივობის არსი, გააანალიზეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თემის პრობლემები და ქალთა გაძლიერების სტრატეგიები.

დასაწყისში მონაწილეები გაეცნენ სოციალური აქტივობის კონცეფციას - როგორია, როგორც ინსტრუმენტი ინდივიდუალური თვითდახმარებიდან კოლექტიურ ცვლილებამდე; როგორ უწყობს ხელს აქტიური თანამონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გაძლიერებას პიროვნულ და თემის დონეზე. აღინიშნა, რომ ჯგუფური მუშაობა, რესურსების გაზიარება და მხარდამჭერი ქსელების შექმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური რისკების წინაშე დგანან.

მონაწილეებთან ერთად შემუშავდა და ხელმოწერით დადასტურდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება, რომელიც განსაზღვრავს შიდა წესებს და სამუშაო პრინციპებს. ასევე შეივსო პრე- და პოსტკითხვარი სოციალური აქტივობის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება: ჯგუფის წევრებმა დაასახელეს დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევები და დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით

შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ გაძლიერებაში, ისე ქალთა სოლიდარობის და თემზე ზრუნვის კულტურის განვითარებაში - პროცესში, რომელიც სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.



სოციალური აქტივობის კონცეფციას მიეძღვნა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები ჭომის და ნიკეას დევნილთა დასახლებებიდან.

მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათთვის უკვე სრულიად გასაგებია ამ ტერმინის განმარტება, არსი,  მიზანი და შედეგები. შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასახლებების პრობლემების იდენტიფიცირება. ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის უნდა იზრუნოს.



 

სოციალური აქტივობის თემა იყო მთავარი წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა ოთხი დასახლებიდან.

მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათ გაიაზრეს, რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რას ემსახურება, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს… 

შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება. საუბარი ასევე შეეხო ოთხივე დასახლების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების გზების დაგეგმვას. 

 

 

სენაკში თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სოციალური აქტივობა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რა უნდა გაკეთდეს, ვინ არიან მთავარი აქტორები, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა თემებში და რა სარგებელს მოიტანს. 

მონაწილეების ინფორმირების მაჩვენებელი საკითხზე პრე- და პოსტტესტებით დაფიქსირდა. 

ჯგუფის წევრებმა ხელი მოაწერეს წესდებას, რაშიც კონკრეტულად არის გაწერილი ჯგუფის მიზნები, მენეჯმენტი, ჯგუფის წევრთა უფლებები და მოვალეობები.  ისინი მზად არიან,  წესდების შესაბამისად იმუშაონ სათემო პრობლემების მოსაგვარებლად. 

შეხვედრის ბოლო ნაწილი სწორედ პრობლემების განხილვას მიეძღვნა. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაძლიერდება  სოციალური აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს სათემო პრობლემების  იდენტიფიცირებას და  მათ მოგვარებას რესურსების გაერთიანებით.

 

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები