შეხვედრები (668)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სენაკში დაიწყო ერთთვიანი საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამაში 10 ქალი მონაწილეობს.
კურსს უძღვება ნესტანი დადიანი - სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მონაწილეებს უკვე გადაეცათ საჭირო მასალები და ინვენტარი. ასევე, პირველი-ორი გაკვეთილი ჩატარდა.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები და დასაქმების ან თვითდასაქმების მიმართულებით იფიქრონ. ამასთან, კურსი მათთვის არის სივრცე, სადაც სწავლასთან ერთად იზრდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა.
მსგავსი ინიციატივები ქალებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნასა და უფრო სტაბილური მომავლის დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში გაიმართა ვორკშოპი თემაზე — „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრაში 10 ქალი მონაწილეობდა.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, მისი ამოცნობის გზებსა და იმ მხარდაჭერის სერვისებზე, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის იმ ფორმებს, რომლებიც ხშირად უხილავი და ნაკლებად შესამჩნევია.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები. მათი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები აძლიერებს ურთიერთმხარდაჭერის განცდას და ზრდის მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
სენაკში გაიმართა ვორკშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.
შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე 10 ქალი: საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგები, სოციალურად დაუცველი და ძალადობაგამოვლილი ქალები. ვორკშოპზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობას.
დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები კიდევ უფრო გაართულა და უსაფრთხოების განცდა შეასუსტა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზეც, როგორ უნდა მოხდეს ძალადობის ამოცნობა, როგორ დამყარდეს სწორი კომუნიკაცია რისკის ქვეშ მყოფ ქალებთან და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობასთან გამკლავება ქალისთვის მარტო ხშირად ძალიან რთულია და საჭიროა როგორც ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ისე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობა. მათი შეფასებით, თემის მხარდაჭერა და დროული რეაგირება ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარებოდათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობაში, მხარდაჭერის გზების გააზრებასა და შესაბამის სერვისებზე წვდომაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებს, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში.
შეხვედრა მონაწილეებისთვის ღია საუბრის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთმოსმენის სივრცედ იქცა. განხილვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ფორმაში არ ვლინდება და ხშირად უხილავი ნიშნებითაც იჩენს თავს. მონაწილეებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათ აძლევს ცოდნას, თავდაჯერებულობას და ეხმარება უფრო მკაფიოდ დაინახონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ძალადობის ამოცნობისას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
სენაკში გაიმართა ქალთა საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. ორმა მონაწილე ქალმა მიიღო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის, ბავშვებზე მეურვეობისა და პროფესიული უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებულ სტიგმას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათთან მომუშავე სპეციალისტების მიმართ, რაც ხშირად ზეწოლას აძლიერებს და ართულებს მხარდაჭერას.
საკონსულტაციო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამართლებრივი ცნობიერების, მხარდაჭერისა და უსაფრთხო პროფესიული გარემოს მნიშვნელობას ქალებისთვის, ბავშვებისა და სპეციალისტებისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, ქალთა სამიზნე ჯგუფთან გაიმართა ვორქშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას ესწრებოდა 10 ქალი და მას უძღვებოდა ჯგუფის ლიდერი ქალი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მსხვერპლის ამოცნობის ნიშნები და ის გზები, როგორ შეიძლება თემში მხარდაჭერისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ ძალადობაზე დუმილი არ უნდა გახდეს ნორმა და საზოგადოების პასუხისმგებლობაა, არ დარჩეს გულგრილი სხვისი ოჯახის პრობლემის მიმართ.
მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს როგორც ახალი, საჭირო და პრაქტიკული ცოდნის წყარო. მათი თქმით, მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ უკეთ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები, სწორად იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის მხარდაჭერის მექანიზმებს.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ინფორმირებული ქალები და გაძლიერებული თემები ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვორკშოპი ქალთა ჯგუფთან თემაზე: - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიღრმისეულად განეხილათ ძალადობის სხვადასხვა ფორმები, ამოცნობის ნიშნები და რეაგირების მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობას, იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც თანამედროვე ციფრულ გარემოში ქალების უსაფრთხოებას უკავშირდება.
დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ძალადობის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულია, თუმცა ძალადობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ქალის გაძლიერება და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ ძალადობრივ გარემოში.
მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის იდენტიფიცირების სირთულეებზეც და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა საბოლოოდ ხილული ხდება, ხშირ შემთხვევაში დახმარება დაგვიანებულია. სწორედ ამიტომ, პრევენცია, ინფორმირებულობა და დროული რეაგირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი აქტივობები მათთვის იმედისა და მხარდაჭერის განცდას აძლიერებს და ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებასა და ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თემებში.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
Zoom-ის საშუალებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 12 ქალის მონაწილეობით. შეხვედრას უძღვებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები — ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე.
დისკუსიის მთავარი თემა იყო ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა და ქალთა უსაფრთხოება ციფრულ სივრცეში. მონაწილეებმა ისაუბრეს ონლაინ გარემოში არსებულ გამოცდილებებსა და გამოწვევებზე, ასევე მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ძალადობის თანამედროვე ფორმების, მტკიცებულებების სწორად შეგროვებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს როგორც საჭირო და პრაქტიკული, განსაკუთრებით იმ ცოდნის გამო, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების დაცვისა და დახმარების მიღების შესაძლებლობებზე მისცა.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინფორმირებული და გაძლიერებული ქალების მნიშვნელობას უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნასა და ძალადობის პრევენციაში.
პროექტი ხორციელდება WAVE Network-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდა ონლაინ ვორქშოპი ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ ჯგუფთან.
შეხვედრა მიეძღვნა ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობასა და ციფრულ უსაფრთხოებას. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა პირადი მონაცემების დაცვაზე, ანგარიშების უსაფრთხოებაზე, კიბერჰიგიენასა და ონლაინ ძალადობის ამოცნობასა და რეაგირებაზე.
ვორქშოპს უძღვებოდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ნინო ჭაბუკიანი და ლალი შენგელია. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ციფრული უსაფრთხოების ცოდნა და ღია დიალოგი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია ახალგაზრდებში.
პროექტი ხორციელდება WAVE Network-ის მხარდაჭერით
2026 წლის 12 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, Zoom პლატფორმის საშუალებით, ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა ჯგუფებთან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა და ციფრულ სივრცეში კონტროლისა და ზეწოლის ფორმები პარტნიორულ ურთიერთობებში. მონაწილეებმა ისაუბრეს ონლაინ გარემოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ზიანზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს — პირადი მონაცემების დაცვას, ანგარიშების უსაფრთხოებას, მტკიცებულებების შენახვას და საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პრობლემის ამოცნობისა და ღიად საუბრის მნიშვნელობას, რაც ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
