ტრენინგი ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი პარტნიორული ძალადობის შესახებ
დასრულდა მნიშვნელოვანი პროფესიული ტრენინგი თემაზე — „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა (Tech-Facilitated Intimate Partner Violence – TF-IPV)“. ტრენინგს უძღვებოდა იურისტი ანა თავხელიძე და ის განხორციელდა WAVE Network-ის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“.
ტრენინგი ჩატარდა „ტრენინგი ტრენერთათვის“ მიდგომით და აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს: რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ განხილვებს, რეაგირების მექანიზმების ანალიზს, უსაფრთხოების დაგეგმვასა და მსხვერპლზე ორიენტირებულ მხარდაჭერის პრაქტიკებს.
ტრენინგის მიზანი იყო ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობის ამოცნობის, სამართლებრივი რეაგირების, დროული დაცვისა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციის მიმართულებით.
მონაწილეთა შეფასებები
„ტრენინგი იყო ძალიან საინმფორმაციო და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული. მიღებული უნარები დაგვეხმარება, მიღებული გამოცდილება გავიზიაროთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ვმუშაობთ,“ — თეა გოლეთიანი, მონიტორინგის ჯგუფი.
„თეორიული და პრაქტიკული ნაწილის გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი, უკეთ გაგვეგო ტექნოლოგიური ძალადობის ფსიქოლოგიური ზეგავლენა და რეაგირების სწორი გზები,“ — ეკა ქვაჩაკიძე, ფსიქოლოგი.
„ერთ დღეში მივიღეთ ძალიან დიდი მოცულობის და კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით ღირებული იყო რეაგირების მექანიზმების განხილვა და მათი პრაქტიკული მხარის გაანალიზება,“ — ემა კამკია, მონიტორინგის ჯგუფი.
„ახალგაზრდებთან მუშაობისას აშკარად ჩანს, რომ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამიტომ ასეთი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული რეაგირებისა და პრევენციისთვის,“ — ნინო ჭაბუკიანი, ახალგაზრდული მიმართულების პროექტის ასისტენტი.
ტრენინგის შედეგად, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა მნიშვნელოვნად აიმაღლეს კვალიფიკაცია აღნიშნულ მიმართულებაში და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში აქტიურად იქნება გამოყენებული თემში ქალებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისას. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს ციფრული ძალადობის დროულ ამოცნობას, უსაფრთხოების ეფექტიან დაგეგმვას, სათანადო რეაგირებასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას, რაც მკაფიოდ აისახა მონაწილეთა უკუკავშირშიც.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
