ქუთაისში გაიმართა ვორქშოპი ქალთა ჯგუფთან ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირების თემაზე
ქუთაისში, ქალთა სამიზნე ჯგუფთან გაიმართა ვორქშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას ესწრებოდა 10 ქალი და მას უძღვებოდა ჯგუფის ლიდერი ქალი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მსხვერპლის ამოცნობის ნიშნები და ის გზები, როგორ შეიძლება თემში მხარდაჭერისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ ძალადობაზე დუმილი არ უნდა გახდეს ნორმა და საზოგადოების პასუხისმგებლობაა, არ დარჩეს გულგრილი სხვისი ოჯახის პრობლემის მიმართ.
მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს როგორც ახალი, საჭირო და პრაქტიკული ცოდნის წყარო. მათი თქმით, მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ უკეთ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები, სწორად იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის მხარდაჭერის მექანიზმებს.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ინფორმირებული ქალები და გაძლიერებული თემები ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
