ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე შეჯამდა კლუბის მუშაობა. გამოიკვეთა ხელისშემშლელი ფაქტორები. აქცენტი გაკეთდა კლუბის სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ერთ-ერთ მონაკვეთში იურისტმა კლუბის წევრებს გააცნო ცვლილებები ქვეყნის კონსტუტუციაში, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია. დაფიქსირდა ამ ცვლილებების საჯაროდ განხილვის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბს სტუმრები - ქალაქ ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ და ახლოს გაეცნენ მის მუშაობას. მათი მოსაზრებით, კლუბის მუშაობა აუცილებელია მუნიციპალიტეტში ქალთა გააქტიურებისათვის, რათა მათ გაუჩნდეთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივაცია. მერიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ კლუბმა განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა იმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რათა ქალი-კანდიდატები გრძნობდნენ მხარდაჭერას, პირველ რიგში, თავად ქალების მხრიდან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ირინა საჯაია და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
როგორც აღინიშნა, პროექტი დასრულდა. პროექტის ბოლოს შემფასებელს აქვს სურვილი, შეხვდეს და გაესაუბროს კლუბის აქტივისტებს. ოზურგეთლებმა უკვე დაიწყეს მზადება ამ შეხვედრისთვის - გაიხსენეს მუშაობის შედეგები, იმსჯელეს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
მათთვის მთავარი ის არის, რომ ახალი პროექტის ფარგლებში ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა გრძელდება. ამიტომ ქალბატონებმა სამომავლოდ გასაკეთებელი საქმეებიც დაგეგმეს.
ქალთა სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ფოთის მერიის და მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდის დროს დევნილებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ფოთის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს. მათ შეძლეს თავიანთი პრობლემების დაფიქსირება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების წინაშე, რაც თანამშრომლობის და პრობლემების მოგვარების საწინდარია.
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ნანა ალანია და ელისო ცაგურია.
სხდომაზე შეკრებილმა ქალბატონებმა ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრეს.
სოფელ თეკლათის ბაღის მეთოდისტმა საკრებულოს დეპუტატებს მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ ბაღს უფროს ჯგუფელთათვის გადასცეს კლუბის წინა სხდომაზე დაპირებული 5 სამეცადინო მაგიდა.
ამჟამად მიმდინარეობს სხვა პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება.
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმი, რომელიც მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციას უნდა წარედგინოს ხელმოსაწერად. ასევე ისაუბრეს პარტიის პროგრამის სოციალურ ნაწილზე. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, კლუბის სახელით მომზადდება ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული კონკრეტული რეკომენდაციები.
კლუბის ინიციატივით და გამგეობის დახმარებით, ინკლუზიური ბავშვები თოჯინების თეატრის წარმოდგენას დაესწრნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათთვის და ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.
კლუბის მოდერატორი და ასისტენტი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ცოტნე ზურაბიანს, რომელმაც გამოხატა კლუბთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოში ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - გაიმართა კონფერენცია, რომლითაც გაიხსნა კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები.
მონაწილეებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია. ფსიქოლოგისა და იურისტის მოხსენებები ეხებოდა ძალადობის სავალალო შედეგებს მოზარდებზე. მოეწყო ახალგაზრდების პრეზენტაცია თემაზე „არა - ძალადობას“. დაფიქსირდა მათი მოსაზრებები ძალადობის პრევენციისთვის.
შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით


ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა მიეძღვნა 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შესული სოციალური პროგრამების განხილვას. პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოადგინა ცინარა ჯობავამ - გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა სოციალურ საკითხებში.
აღინიშნა, რომ ადგილობრივი პროგრამების ბენეფიციართა უმრავლესობა ქალია - თითქმის 90%. სოციალური პროგრამები ითვალისწინებს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების, ობოლი ბავშვების ფინანსურ დახმარებას, აგრეთვე ფინანსურ დახმარებას მესამე და მეტი შვილი გაჩენის შემთხვევაში და ა.შ.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ორსული ქალების მხარდაჭერაც, რადგან ექიმთან დროულ ვიზიტსა და გამოკვლევაზე დიდადაა დამოკიდებული ჯანსაღი თაობის დაბადება.
და ყველაზე მთავარი სიახლე - ადგილობრივ ბიუჯეტში წელს პირველად ჩაისვა გარკვეული თანხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ერთჯერადი დახმარებისთვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით