ფორუმი - გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა

გამოცდილების გაზიარება ყველაზე კარგი გზაა სიახლეების დასანერგად. ფონდი „სოხუმისთვის“ ეს მუშაობის განსაკუთრებული მეთოდია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ხშირად აძლევს ამ შესაძლებლობას.

გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი თავიდანვე ითვალისწინებდა თანამშრომლობას და ერთმანეთის დახმარებას.

პროექტში სამი ორგანიზაციაა ჩართული: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმში კი 16 ორგანიზაცია გაერთიანდა 2019 წლის ოქტომბერში. მათი გეოგრაფიული არეალი ფართოა: რვა მუნიციპალიტეტი (ხონი, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ცაგერი, ამბროლაური).

ფორუმი შეიქმნა იმისთვის, რომ აქტიურად ჩართოს საზოგადოება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის  მონიტორინგის პროცესში.

ორგანიზაციები პროექტის დასაწყისიდანვე ერთად ესწრებოდნენ შეხვედრებს, ტრენინგებს, სწავლობდნენ საჯარო რეფორმის განხორციელების კრიტერიუმებს, პროექტების წერას, პრობლემების ადვოკატირებას, კვლევის ჩატარების ტექნიკას... ახალი ორგანიზაციების შექმნასაც შეუწყვეს ხელი და მუნიციპალიტეტებში კიდევ 14 ახალი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

რა თქმა უნდა, ყველა საერთო შეხვედრაზე უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას. დამეგობრდნენ, ბევრი რამ ისწავლეს და გააძლიერეს ერთმანეთი. თავიანთ მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს შეუწყვეს ხელი და სხვა მუნიციპალიტეტებზეც ახდენენ კეთილ გავლენას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ამირან გიგინეიშვილმა  (საქართველოს სასოფლო დარბაზი) მის მიერ შექმნილი „ელექტრონული მენეჯერი“ გაუზიარა ამბროლაურელ კოლეგებს და ეს უნიკალური აპლიკაცია წარმატებით დაინერგა ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც.

ეთიკის კოდექსი პირველად ვანის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა. მისმა ავტორმა მარინა ღვინიანიძემ (თანადგომა - 2020) შემდეგში დაწვრილებით აუხსნა მთელი პროცედურა კოლეგებს და ამ პრაქტიკით მიიღეს  ეთიკის კოდექი ხონში, ცაგერში, ბაღდათში.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დებატებში მონაწილეობდა ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ელისო ჯიქია (განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“), რომელმაც ელექტრონული პეტიციების დანერგვაზე ისაუბრა. მან ეს წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა ბაღდათის და ვანის  მუნიციპალიტების წარმომადგენლებსაც. პეტიციებთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე ისაუბრა ცაგერში ჩატარებულ შეხვედრაზე ბაჩანა ბასილაიამ (ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მზევინარ ლიპარტელიანმა („აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“) ხონში ეთიკის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ამირან გიგინეიშვილმა (საქართველოს სასოფლო დარბაზი) კი სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის  გამოცდილება გაუზიარა ხონელებს.

ბაღდათის სამუშაო ჯგუფი პირველია, რომელიც ანტიკორუფციულ დებულებას ამზადებს და ამ პრაქტიკას მალე სხვა მუნიციპალიტეტებიც წარმატებით გამოიყენებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი არ არის პროექტის მონაწილე, მაგრამ ფონდ „სოხუმს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს თვითმმართველობასთან. ამიტომაც მოიწვია შეხვედრებზე საკრებულოს წევრი ბადრი პაპავა, რომელმაც სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა თერჯოლის, ბაღდათის, ვანის და ცაგერის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

საპროექტო მუშაობის დასასრულს განსაკუთრებით დადასტურდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი მართლაც არის თანამშრომლობის და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია წარმატების ისტორია

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image