უჩვეულო შეხვედრით დაწყებული წარმატების გზა

კომპლექსები მქონდაო... უყურებ, ესაუბრები და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხუთი წლის წინ მორიდებული იყო და ეშინოდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის.

რამდენს მიაღწია ამ ხუთ წელიწადში! უბრალო ჩამოთვლითაც მიხვდებით, რამდენი შრომა და მონდომებაა ამ წარმატებებს მიღმა:

ირმა ბრეგაძე - სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის პროექტების აქტიური მონაწილე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზატორი, პროგრამა FLEX-ის ნახევარფინალისტი, MAC Georgia-ს თეატრალური დასის წევრი...

ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ირმას წარმატების გზას.

ირმა ბრეგაძე: „მეექვსე კლასში ვიყავი, როცა გვითხრეს, კონფლიქტების თემაზე იწყება მუშაობა და ვინ ჩაერთვებითო. დამაინტერესა და დავესწარი. პირველივე გაკვეთილი დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემი უშუალო კონტაქტი ფონდ „სოხუმთან“, როცა ტრენერმა ლელა შენგელიამ ჩაგვიტარა ათმოდულიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის შესახებ“.

ხუთი წლის წინ, აქედან დაიწყო ირმას აქტიურობა. ამბობს, რომ მისი ცვლილებების ათვლის წერტილი სწორედ ეს პირველი უჩვეულო შეხვედრა იყო. მაშინ ისწავლა დამოუკიდებელი მუშაობა. პირველად მეხუთეკლასელები შეკრიბა და კონფლიქტის მართვაზე ესაუბრა, თამაშით, ხალისიანად. ნერვიულობდა, მაგრამ კარგად გამოუვიდა. იხსენებს, რომ ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ, თითქმის მათმა თანატოლმა საიდან იცოდა ამდენი რამ...

ფონდმა „სოხუმმა“ დააკავშირა ირმა ბრეგაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან. სხვადასხვა კლუბის წევრია. ახლახან ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კურსი გაიარა, 20 ბავშვიდან ორი აარჩიეს, გუდაურში სწავლება ჩაუტარდა და შემდეგ განახორციელა სამთვიანი პროექტი „სად გადის ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის“ (ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით). მედიაწიგნიერების საკითხებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და Street Art კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერი!“.

ამ პროექტზეა საუბარი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის სიუჟეტში:  

https://megatv.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90/

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთა საქმიანობაში ირმას დაიკო ნინისაც უნდოდა ჩართვა, მაგრამ მაშინ მეხუთეკლასელი იყო, კლუბში კი მეექვსე კლასიდან იღებდნენ.

ნინი ბრეგაძე: „ძალიან მომწონდა. მახსოვს, ერთხელ ლელა მასწავლებელთან ერთად იდგნენ ეზოში, წრეში. მეც ისე მინდოდა  მათთან... მეორე წელს ახალი ჯგუფის შექმნა დაიწყო. ჩემი კლასიდან ბიჭები აარჩიეს - 11 ბიჭია და მე ვარ ერთი გოგო. ლელა მასწავლებელმა - გოგონებიც გვჭირდებაო და მეც მოვხვდი ამ ჯგუფში. ძალიან საინტერესო მუშაობა გვქონდა.“

ნინი ბრეგაძე ახლა მეათე კლასშია. უფროს დასავით აქტიურია - მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პროექტებშიც მონაწილეობს, თეატრალურ დასშიც...

იანვრის ბოლოს ზესტაფონის დრამატულ თეატრში გაიმართა მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) თეატრალური ფესტივალის საზეიმო დახურვა. იმერეთის, გურიის, აჭარის, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის გამარჯვებული გახდა ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დასი სპექტაკლით „დოქტორ პაპადაჩის ვალსი“.

ამ ყველაფერზე ემოციებით გვიამბეს ირმამ და ნინიმ, მაგრამ არ უთქვამთ ყველაზე განსაკუთრებული, რაც ჩვენით მოვიძიეთ: ირმა ბრეგაძე დასახელდა ნომინაციაში „ქალის საუკეთესო მთავარი როლი“ (ერთ-ერთ ფოტოზე არის კადრი სპექტაკლიდან).

ასეთი გამორჩეულები არიან დები ბრეგაძეები. ირმა სოციოლოგობას აპირებს, ნინი კი ჟურნალისტიკასა და თეატრალურს შორის გააკეთებს არჩევანს. მთელი ცხოვრება აქტიურები უნდა ვიყოთო, ამბობენ. ადვილი არ არის, ზედა სიმონეთიდან ხან თერჯოლაში დაესწრო კლუბის შეხვედრებს, ხანაც - რეპეტიციებზე წახვიდე ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში. დრო უნდა, ენერგია, ხარჯი... მშობლები  უწყობენ ხელს, ეხმარებიან, მოტივაციას აძლევენ, უნდათ, რომ გოგონებმა მაქსიმუმი გააკეთონ.

მესამე დაიკო - ანი ჯერ მეორე კლასშია, მაგრამ უფროსების დატვირთულ დღის განრიგს რომ უყურებს, მათსავით აპირებს აქტიურობას...

 

ირმა ბრეგაძე: „არაფორმალური განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, როგორც ფორმალური. ორივე ავსებს ერთმანეთს და ეხმარება მოსწავლეს, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მეექვსე კლასიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. პირველი კონტაქტი არაფორმალურ განათლებასთან იყო ფონდი „სოხუმი“. ბევრი რამ ვისწავლე: ემოციების მართვა, კონფლიქტის მოგვარება, აქტიური კომუნიკაცია, საქმის მიმართ პასუხისმგებლობა... შევიძინე სითამამე და ყოველი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების ინფორმირებას. ვეცდები, უკეთესობისკენ შევცვალო ჩემს გარშემო არსებული სამყარო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფონდ „სოხუმს“, რომელიც ასეთ სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩვენი თაობისთვის. ფონდმა დიდი სტიმული და მოტივაცია მომცა. დღეს ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, ვურთიერთობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ვახორციელებ საკუთარ პროექტს... ვიპოვე ის სფერო, რომელსაც  მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნი.

 

ირმა და ნინი ბრეგაძეები ახლა ერთად არიან ჩართულები ქალთა ფონდის „სოხუმის“ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის ექვსთვიან პროგრამაში. ირმა ჯგუფის ორგანიზატორია. მარტში დასრულდება ეს კურსი და ონლაინ კონფერენციაც ჩატარდება ათი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების, მათი მშობლების და პედაგოგების მონაწილეობით. ირმა სიტყვით გამოვა დიდი აუდიტორიის წინაშე, რადგან იმერეთის პატარა სოფელში მცხოვრებ გოგონას სპიკერის სითამამეც აქვს, მდიდარი  გამოცდილებაც და თავისი წარმატების ისტორიაც...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები