აუთსორსინგი - წალენჯიხურად

ჩვენ გვიყვარს გამოცდილების გაზიარება.

გვიყვარს დახმარება.

წლების მანძილზე ბევრი ცოდნა დაგვიგროვდა. და, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის გაცემასაც ვცდილობთ.

ბოლო დროს წარმატებით ინერგება აუთსორსინგის პრაქტიკა.

აუთსორსინგი „გარე წყაროების გამოყენებას“ ნიშნავს (outer source using). ეს არის ერთი კომპანიის/უწყების მიერ მეორის რომელიმე სერვისის უზრუნველყოფა.

ჩვენი თანამშრომლები წლებია, კონსულტაციებს უწევენ გენდერული თანასწორობის საბჭოებს, ეხმარებიან გენდერული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. სერვისების გაყიდვა კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი გზაა შედეგის მისაღწევად, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობები/გენდერული თანასწორობის საბჭოები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, გამოიყენონ ჩვენი კვალიფიკაცია, წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილება.

თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს ზუგდიდის, სენაკის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებთან.

დეკემბერში კი წალენჯიხაში გაჩნდა აუთსორსინგის თვალსაჩინო მაგალითი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით.

საბჭოს წევრები პერიოდულად ესწრებიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენინგებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ტარდება. გენდერზე პასუხისმგებელმა პირებმა ხატია მაქაცარიამ (საკრებულოში) და ნათია კვარაცხელიამ (მერიაში) გადაწყვიტეს სამი ტრენინგის ჩატარება საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ამისთვის მათ მოიწვიეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერები და მათი მუშაობა დაფინანსდა გენდერული თანასწორობის საბჭოს ბიუჯეტიდან.

ტრენინგებს დაესწრო 60-ზე მეტი მონაწილე:

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები (ტრენერი - ლალი შენგელია).

- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები (ტრენერი - თეა გოლეთიანი).

- ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები (ტრენერი - ემა კამკია).

ტრენინგებზე განხილული იყო გენდერული საკითხები, ძალადობის პრევენცია, რეფერალური მექანიზმები და თითოეული რგოლის ჩართულობის მნიშვნელობა.

მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო მიდგომა, რომ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება ნიშნავს ყველა ადგილობრივი სოციალური ჯგუფის საჭიროებების ცოდნას და მათ დიფერენციაციას.

რა დასამალია, თვითმმართველობებს საკმაოდ მწირი ბიუჯეტი აქვთ, ამიტომ მისი განაწილება სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვით  უნდა მოხდეს.  ყველაზე მეტი ყურადღება იმათ მიექცეს, ვინც სხვაზე მეტად საჭიროებს დახმარებას.

ტრენინგებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რამდენად ფაქიზია ოჯახში ძალადობის თემა. იყო აზრთა გაცვლა მჭიდრო სტრუქტურათშორისი კოორდინაციის პრაქტიკის შექმნაზე, თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის უფლებამოსილებასა და ვალდებულებებზე.

სამი ტრენინგი, სამი ჯგუფი, ტრენერების და ტრენინგის მონაწილეების ინდივიდუალური  გამოცდილება - ეს უსათუოდ მოიტანს შედეგს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტირების და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები