ფსიქოლოგი და იურისტი არ საუბრობენ ბენეფიციარებთან შეხვედრის დეტალებზე. ასეც უნდა იყოს - ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მაგრამ უყვართ ციფრების მოყვანა.
ციფრების თანახმად კი, დეკემბერში:
ჩატარდა ფსიქოლოგის და იურისტის 6 ჯგუფური შეხვედრა თერჯოლის, სენაკის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.
შეხვედრებს ესწრებოდა 27-დან 68 წლამდე ასაკის 88 ადამიანი.
5-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქოთერაპია.
ჩატარდა ფსიქოთერაპიული მუშაობა სარეაბილიტაციო ცენტრის 6 ბენეფიციართან.
მიმდინარეობს მუშაობა 3 კრიზისულ ოჯახთან.
ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეებმა გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია.
ბოლო შეხვედრაზე მათ სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც თავად აღნიშნეს, სწავლების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ონლაინ კონფერენცია „ადგილობრივი თანამშრომლობა თემის საჭიროებების ადვოკატირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების მონაწილეობით“.
კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საკანონმდებლო და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შეფასდა მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ ადგილობრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული წარმატებული პრაქტიკა და გამოწვევები. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გააჟღერეს ოფიციალური პოზიცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ ინიცირებული ადვოკატირების საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობით დაწყებული დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის საწინდარია.
დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის. სხვადასხვა თემში ჩატარებულ გეგმიურ შეხვედრებზე მობილიზატორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას უშლის ხელს.
თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ათმა ცენტრმა გამოავლინა ძალადობის 8 შემთხვევა. თითოეული ქეისის ანალიზის შემდეგ ბენეფიციარებმა ფონდი „სოხუმის“ სერვისებით ისარგებლეს.
მობილიზატორების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გადამისამართებულ ქეისებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი გაძლიერდეს და ბენეფიციარებმა მუნიციპალური სერვისები გამოიყენონ. თანამშრომლობა მსხვერპლთან მუშაობის მულტიგუნდურ პრინციპებს ეფუძნება და კარგ ეფექტს იძლევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრი აქტიურად დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. დაიწყო წარმოდგენების გამართვა ქუთაისის პარკებსა და სკვერებში. პარალელურად - მიმდინარეობს ახალი გადაღებები, საინტერესო ვიდეომასალების ჩაწერა, რომლებიც არქივის ფორმატით შეინახება და განთავსდება სოციალურ ქსელში. ჩვენს ფეისბუქგვერდზე ფორუმ-თეატრის ვიდეოებს განსაკუთრებული ინტერესით ელიან და ეცნობიან მკითხველები. არის მნიშვნელოვანი სიახლე - გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც ჩაერთნენ წარმოდგენებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდულ ცენტრებში ჩატარებულ ტრენინგებს მოჰყვა დამატებითი ინიცირებული ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, ინტერვიუების ჩაწერა, ვიდეორგოლები...
ღონისძიებების ერთი ნაწილი ჩატარდა დეკემბრის დასაწყისში და მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას, მეორე ნაწილი კი ეხმაურებოდა ტრენინგებზე განხილულ თემებს: ნაადრევი ქორწინება და ტოლერანტობა. ყველაზე მეტი აქტივობა ჩაატარეს სამტრედიის, ბაღდათის, ვანის და წალენჯიხის ახალგაზრდულმა ცენტრებმა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია ახალგაზრდების ყველა ნამუშევარი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენთან ის ზუგდიდიდან გამოაგზავნა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, სიკვდილის შიშით - პოლიციაში დარეკა და გადაწყვიტა ქუთაისში, დედასთან დაბრუნება.
ი. 35 წლის.
მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა ხშირად მოდიოდა მთვრალი, ოჯახში მუდმივად იყო კამათი და სკანდალი… ერთხელაც, შინ მთვრალი რომ ბრუნდებოდა, მანქანამ გაიტანა. მაშინ მე-8 კლასში სწავლობდა... 18 წლისა დედამ გარიგებით გაათხოვა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში. ქმარი 10 წლით უფროსი იყო მასზე.
ქორწინების პირველი ორი თვე ბედნიერად ახსოვს. მერე ქმრის მშობლები გაემგზავრნენ (რუსეთში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ), მარტონი რომ დარჩნენ, ფიქრობდა, უკეთ ვიქნებითო, მაგრამ… დაიწყო ეჭვიანობა, კონტროლი, კრიტიკა: „ცუდად გაგიკეთებია“, „რა გაცვია“, „რას აკეთებ მეზობლებთან“, „ვინ მოგიყვანა ტაქსით“, „ვის ელოდები“…
წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი - ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრებში დეკემბერში გაგრძელდა ტრენინგების ციკლი - ამჯერად ტოლერანტობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე. იყო აქტიური განხილვები, დისკუსია და, რაც ყველაზე მთავარია, ნდობა მონაწილეთა მხრიდან, რომელსაც პედაგოგები აღნიშნავენ.
ტრენინგებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ჩაუდგნენ სათავეში ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებას. აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები, მშობლები - ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 1255 მოსწავლემ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობა დაარსდა 2019 წლიდან. მისი მთავარი მიზანია:
- ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება;
- ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობის გაზრდა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამათვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გზით;
- ფონდების მოძიება;
- ორგანიზაციაში ხანგრძლივი და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილების და განხორციელებული კვლევების მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;
- ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, საზოგადოებასა და ოჯახში ქალის როლის და მნიშვნელობის გასაზრდელად აუცილებელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების ინიცირება;
- საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის/ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განსხვავებული მიდგომების და სტრატეგიების ინიცირება და ადვოკატირება;
- კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების და გოგონების საჭიროებების კვლევა, პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე, და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე;
- მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ორგანიზაციის მიღწევების, შეთავაზებული სერვისების, მიმდინარე პროექტების და ბენეფიციართა ცხოვრებაში არსებული გამოწვევების მაქსიმალურად გაშუქების მიზნით.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინ შეხვედრაში. კვლევის დაწყების წინ მათ მიიღეს კონსულტაციები და განსაზღვრეს სამიზნე ბენეფიციარები. მოხდა კონკრეტული შემსრულებლების განაწილება და დადგინდა კვლევის ჩატარების ვადები. ანკეტირება 150 ადამიანს მოიცავს.
ონლაინ ჩატარდა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაც. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ინიცირებული ღონისძიებების შესახებ. ისინი გმობენ ძალადობას და მათი მოსაზრებით, აქტიური საინფორმაციო მუშაობა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით