ზუგდიდი: უფასო სამედიცინო მომსახურება და კმაყოფილი ქალები
16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის დევნილთა დასახლებებში (ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე) ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ექიმების ჯგუფი ჩაიყვანა. თერაპევტმა, გინეკოლოგმა და მამოლოგმა უფასო კონსულტაციები გაუწიეს ქალებს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებმა ქალებმაც.
შეკრებილებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები და ბროშურები „ოჯახში ძალადობის პრევენცია“. მათ ყურადღებით მოისმინეს ექიმებთა რჩევები, რომ საჭიროა ზრუნვა საკუთარ თავზე, რომ ძალადობის ფაქტების დამალვა უარყოფითად მოქმედებს ქალების ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.
სასიამოვნოა აქციაში ჩართული ქალების უკუკავშირი:
„ძალიან საჭირო აქციაა, მადლობა ორგანიზატორებს.“
„მოვედი პროფილაქტიკის მიზნით და მივიღე იმაზე მეტი მომსახურება, ვიდრე ველოდი.“
„ქუთაისში რომ ჩავსულიყავი, ფინანსურად ბევრი დამეხარჯებოდა, აქ კი სრულიად უფასოდ გამიწიეს დახმარება.“
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.