კონკრეტული მაგალითების განხილვით კონფლიქტის ესკალაციასა და კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის, ქუთაისის №15 და სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად. ამ ჯგუფებთან მუშაობა გრძელდება.
აპრილში ტრადიციული შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან ფოთის, თერჯოლის, სენაკის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ხონის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე განხილული იყო ვაჟკაცობის ცნება და გენდერული თანასწორობის საკითხი. ბიჭები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში: იყო როლური თამაშები, დისკუსიები. ვაჟების აზრით, ოჯახური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი, უმთავრესად, ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეხვედრის ბოლოს, უკუკავშირის დროს მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ძალადობას და უთანასწორობას ცოდნით, ინფორმირებით, სწორი სამართლებრივი მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.
ამ ჯგუფებთან მუშაობა კიდევ გაგრძელდება.
კონფლიქტის ესკალაციის სტადიები და შესაძლო შედეგები განიხილეს ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.
მათ გაიგეს, როგორ შეიძლება, მცირე კონფლიქტი მასშტაბურ და საშიშ კონფლიქტში გადაიზარდოს და როგორ აიცილონ თავიდან. როგორც აღნიშნეს, ბევრისთვის ახალი იყო კონფლიქტის შესაძლო შედეგის - მოგება-მოგების შესახებ ინფორმაციის მიღება. მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და ინტერესით ელიან შემდგომ შეხვედრებს.
ფოთის კერძო სკოლაში, სოფელ ნახახულევის (ხონის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ოჯახური ძალადობა, მიზეზები, სტატისტიკა და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.
ეს იყო ახალი შერჩეული ჯგუფები. გამოიკვეთნენ ლიდერები. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში, დისკუსიაში. ისინი აანალიზებდნენ ოჯახური ძალადობის მიზეზებს. როლურ თამაშებში საკუთარი პოზიციები გამოხატეს - ნაჩვენები იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის სცენები, ღალატი...
ყოველი სცენის შემდეგ ახალგაზრდები თამამად საუბრობდნენ პრობლემებზე. აღმოჩნდა, რომ ისინი ავლენენ პროტესტს იმის მიმართ, რაც არ მოსწონთ.
მარტში კიდევ 5 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში - ქუთაისის, ხონის, ფოთის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
ეს იყო შეხვედრები ახალ ჯგუფებში, სადაც მარტში ექვსთვიანი მუშაობა დაიწყო.
შეხვედრებით დაინტერესდნენ სკოლების ხელმძღვანელები და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგები. რაც მთავარია, მუშაობაში ინტერესით ჩაებნენ მოსწავლეები. იყო აქტიური ჩართულობა, დისკუსიები, როლური თამაშები, სადაც მოსწავლეებმა ცხოვრებისეული იმიტირებული სცენები წარმოადგინეს. ამ შეხვედრებით გამოჩნდა, რომ მოზარდებისთვის ეს სიახლე საინტერესოა, სახალისოა და აქტიურადაც აპირებენ მუშაობას.
წყალტუბოს, სენაკის, თერჯოლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.
ეს იყო ახალი გარემო, ახალი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ხუთთვიანი სწავლების კურსს. აქტიურ, მოტივირებულ ახალგაზრდებს მოეწონათ თავისუფალი გარემო, როლური თამაშები, დისკუსია. მონაწილეებმა საინტერესო ისტორიები გაიხსენეს, გულწრფელად ისაუბრეს პრობლემებზე.
დიდი იყო დირექტორების და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგების ინტერესი და თანამშრომლობის სურვილი. გაჩნდა იმედი, რომ შეიქმნება აქტიური ჯგუფი, რომელიც სკოლის სავიზიტო ბარათი გახდება.
„გაკვეთილი განსხვავებული და სახალისო იყო.“
„კონკრეტული მაგალითის განხილვით გავიგე ინფორმაციის ნაკლებობას ან დამახინჯებას როგორ შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი.“
„მიხარია, რომ მომავალ თვესაც შევხვდებით ერთმანეთს.“
აღნიშნეს მოსწავლეებმა ვორკშოპების ბოლოს. შეხვედრები კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების განხილვას მიეძღვნა. ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებიან შემდეგ შეხვედრებს, რომ ისწავლონ, როგორ აიცილონ თავიდან კონფლიქტები.
მარტში ვაჟების ახალ ჯგუფებთან დაიწყო მუშაობა. შეხვედრები გაიმართა წყალტუბოს (4 მარტი), თერჯოლის (5 მარტი) და სენაკის (6 მარტი) მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების პირველი ნაწილი უმეტესწილად გაცნობით ხასიათს ატარებდა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, ხუთთვიანი შეხვედრების გეგმას.
შემდეგ ძალადობის თემის განხილვა დაიწყო. ბიჭებმა ჯერ თავიანთი აზრი გამოხატეს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფებში ლიდერი ბიჭებიც იყვნენ, რომელთაც შედარებით მეტი რამ იცოდნენ. ბოლოს ყველაფერი შეჯამდა, დაფიქსირდა ძალადობის ფორმები და მათი მოგვარების გზები. გამოვლინდა ბიჭების მოტივაცია, ერთმანეთს აზრები გაუზიარონ და კიდევ უფრო მეტი გაიგონ.
კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე იმსჯელეს სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) I საჯარო სკოლების და სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად. მათი თქმით, ასეთი შეხვედრები საინტერესო და საჭიროა, რათა ისწავლონ კონფლიქტების თავიდან აცილება:
„მე ამ შეხვედრიდან გავიგე კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები.“ „კარგი იქნება, თუ გაგრძელდება ასეთი შეხვედრები.“ „ამ თემაზე საუბარი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კონფლიქტი ყველას გვქონია.“ - ასე აფასებენ მოსწავლეები კონფლიქტის თემაზე ჩატარებულ ვორკშოპებს.
ახალგაზრდული კლუბის შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანში“, სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის 33-ე სკოლებში.
კლუბის წევრები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართული პრეზენტაციის მომზადებაში. პრეზენტაციებზე წარადგინეს აქტუალური თემები: მშობლების და სკოლის როლი მოზარდის ფორმირებაში, სად ვეძებოთ ძალადობის მიზეზები, ტოლერანტობის პრობლემა ახალგაზრდებში, სქესობრივი აღზრდის კულტურა. თემები წარმოდგენილი იყო საინტერესო ქეისებით, მაგალითებით, როლური თამაშებით, რაც აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. მონაწილეები მაქსიმალურად ჩაერთნენ. სამივე შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიურ დინამიკაში, რადგანაც ახალგაზრდებმა შეიგრძნეს სრული თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებმა და დირექტორებმა დადებითი შეფასება მისცეს ამ მუშაობას.