შეხვედრები (639)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.
ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.
{youtube}_6xuFWYsLbc{/youtube}
პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „ სოხუმის“ მხარდაჭერით.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 6 შეხვედრა ჩაატარეს ივნისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებთან. ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები შეხვდნენ სოციალური საკითხების და ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლებს. ფოთში შედგა შეხვედრა მერის მრჩეველთან გენდერის საკითხებში, სენაკში კი - სოფელ თეკლათის გამგებელთან. ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა შეხვედრა გამართეს ზუგდიდის გამგებელთან, ხოლო ქუთაისში ჩატარდა შეხვედრა კოლეჯ „იბერიას“ დირექტორთან.
საჭირო ინფორმაციები და სიახლეები (სოციალური მხარდაჭერა, გენდერული საკითხები, პროფესიული სწავლების უფასო პროგრამები), რომელთა შესახებაც მობილიზატორებმა გაიგეს შეხვედრებზე, აუცილებლად იქნება ასახული მომავალი თვის სამობილიზაციო შეხვედრებზე.
12 დეკემბერს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც შეფასდა 16 დღიან კამპანიაში მონაწილეობის შედეგები და ადვოკატირების კუთხით ბოლო ეტაპზე განხორციელებული საქმიანობა. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მიღწევისთვის.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს და პარტნიორებს ერთი სასიამოვნო სიახლეც აცნობეს: დაფინანსდა პატარა მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც ახალშენის თემის მოწყვლადი ჯგუფების ყოფითი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროექტის ადმინისტრირებაში საინიციატივო ჯგუფის წევრები, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეიტანენ საკუთარ წვლილს.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ინიცირებით სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა თემაზე: დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ასპექტზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციაზე. შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისაკენ.
შეხვედრაზე არაერთი საჭირბოროტო საკითხი დაისვა და გადაჭრის გზებიც დაისახა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიცირებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
6 თებერვალს წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთელი წლის სამუშაო გრაფიკს, ისაუბრეს წყალტუბოში არსებულ პრობლემებზე. ჩამონათვალში მოხვდა სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღინიშნა, რომ ადამიანური უსაფრთხოების საკითხები საკმაოდ პრობლემატურია და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება იმ პროგრამებზე, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს. სამუშაო გრაფიკში ამ კუთხით მუშაობაც ჩაინიშნა. საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივი თემის ინფორმირების პარალელურად, ყოველთვიურად იმუშავებს პრობლემების ადვოკატირებაზე.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. შეხვედრების თემა იყო ადვოკატირება - ადვოკატირების გზები და საშუალებები.
შეხვედრებზე ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 4 თებერვალს) და უფასო გამოკვლევების შესახებ სკრინინგის პროგრამის ფარგლებში - რა ტიპის გამოკვლევის საშუალება აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამების გამოყენება.
ივნისში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეხვედრები, ძირითადად, ამ დღეებს მიუძღვნეს ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ბენეფიციარებთან. საუბრობდნენ პრობლემებზე და მათი ადვოკატირების გზებზე.
თვის განმავლობაში ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან ქალაქებსა და სოფლებში ქუთაისში, ფოთში, აგრეთვე წყალტუბოს, სენაკის, ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრების თემა, ძირითადად, გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა.
აპრილის თვის სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო ძალადობის გავლენა ახალგაზრდებზე. შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა 6 აპრილზე - სპორტის საერთაშორისო დღეზე ახალგაზრდობისა და განვითარებისათვის. საუბარი შეეხო იმას, რატომაა მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი კავშირი ძალადობის პრევენციისთვის.
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში კვლავ დასახელდა პრობლემები: არასახარბიელო პირობები, სოციალური ფონი, უმუშევრობა, მიგრაცია, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები.