ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდა ონლაინ ვორქშოპი ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ ჯგუფთან.
შეხვედრა მიეძღვნა ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობასა და ციფრულ უსაფრთხოებას. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა პირადი მონაცემების დაცვაზე, ანგარიშების უსაფრთხოებაზე, კიბერჰიგიენასა და ონლაინ ძალადობის ამოცნობასა და რეაგირებაზე.
ვორქშოპს უძღვებოდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ნინო ჭაბუკიანი და ლალი შენგელია. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ციფრული უსაფრთხოების ცოდნა და ღია დიალოგი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია ახალგაზრდებში.
პროექტი ხორციელდება WAVE Network-ის მხარდაჭერით
2026 წლის 12 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, Zoom პლატფორმის საშუალებით, ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა ჯგუფებთან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა და ციფრულ სივრცეში კონტროლისა და ზეწოლის ფორმები პარტნიორულ ურთიერთობებში. მონაწილეებმა ისაუბრეს ონლაინ გარემოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ზიანზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს — პირადი მონაცემების დაცვას, ანგარიშების უსაფრთხოებას, მტკიცებულებების შენახვას და საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პრობლემის ამოცნობისა და ღიად საუბრის მნიშვნელობას, რაც ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — „ძალადობა, ტრავმაზე რეაგირება და ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკები“, რომელსაც უძღვებოდა პარტნიორი ორგანიზაციის, Danner-ის ტრენერი - კარენ ბოსენი. ტრენინგის მიზანი იყო ქალებთან მუშაობის კიდევ უფრო მგრძნობიარე, უსაფრთხო და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება.
მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ნორმები და სტერეოტიპები, ძალადობის მრავალშრიანი ბუნება და სოციალური-ეკოლოგიური მოდელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის სხვადასხვა ტიპის გააზრებას, იძულებითი კონტროლის მექანიზმებსა და იმ უხილავ ზიანს, რომელიც ფიზიკური კვალის გარეშეც აზიანებს ქალის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრავმაზე რეაგირების ოთხი ძირითადი ფორმა - შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა და მაამებლობა - როგორც გადარჩენის ბუნებრივი მექანიზმები. ხაზი გაესვა იმას, რომ მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებას, ნდობასა და ქალის არჩევანის პატივისცემას, რათა დახმარება ახალი ტკივილის წყაროდ არ იქცეს.
მესამე დღე დაეთმო პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თვითზრუნვის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ მოუსმინონ ძალადობაგამოვლილ ქალებს განსჯის გარეშე, როგორ შეინარჩუნონ პროფესიული სიფრთხილე და ამავე დროს დაიცვან საკუთარი ემოციური რესურსი პროფესიული გადაწვისგან.
ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება ფონდი „სოხუმის“ გუნდს, ქალების მხარდაჭერა კიდევ უფრო ტრავმაზე ორიენტირებული, თანაგრძნობაზე დაფუძნებული და უსაფრთხო გახადოს.
ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია Danner-სა და ტრენერ კარენ ბოსენს მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ახალი შემართებით დაიწყეს ახალი წელი ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა ათივე მუნიციპალიტეტში. წლის პირველ შეხვედრებზე, ძირითადად, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.
ჯგუფის წევრები ყურადღებით უსმენენ ფსიქოლოგს, რომლის რჩევები და ინდივიდუალური კონსულტაციები განსაკუთრებით სასარგებლოა.
მათთვის მნიშვნელოვანია ციფრული წიგნიერების ნაწილი - სოციალურ ქსელთან მუშაობა, ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის https://sosfsokhumi.ge/ გაცნობა და საჭირო ინფორმაციის მოძიების სწავლება.
ხობში ახალგაზრდებზე გაკეთდა აქცენტი, წყალტუბოში - ციფრული განათლების მნიშვნელობაზე. სენაკში ახალ წევრებს ერთად მიღწეული შედეგები გააცნეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა ჩოხატაურში - ჯგუფში არიან გოგოლესუბნის ფოლკლორული ანსამბლ „თაობის“ წევრები და მათ ცეკვა-სიმღერით გაალამაზეს ერთადყოფნის დრო.
ჯგუფების უმეტესობაში მატებაა - ეს ეფექტიანი მუშაობის და წარმატებების მაჩვენებელია.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მალე ახალი მწვანე საფარი დაამშვენებს კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში არსებული სკოლის საბავშვო მოედანს. საფარი შეძენილია, მაგრამ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მისი დაგება.
წყალტუბოს სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაშიც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და მალე შემოღობვას დაიწყებენ.
ორივეგან ჩვენი აქტივისტები არიან ჩართულები პროცესში.
წყალტუბოს ქალთა თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა სამოქალაქო ინიციატივების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა თემაზე — პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა. შეხვედრას უძღვებოდნენ ფასილიტატორები ემა კამკია და ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.
შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ, როგორ ვლინდება ძალადობა ციფრულ სივრცეში და როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად. საუბარი შეეხო ციფრული ძალადობის ამოსაცნობ ნიშნებს, მის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ შედეგებს, ასევე სამართლებრივი დაცვისა და დახმარების არსებულ მექანიზმებს.
პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პირადი ანგარიშების დაცვის, ციფრული მტკიცებულებების სწორად შენახვისა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართვის გზების შესახებ.
მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ვფიქრობდი, ონლაინ კონტროლი უბრალოდ ეჭვიანობა იყო. ახლა მივხვდი, რომ ეს ძალადობის ფორმაა.“
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რომ დახმარების მიღება რეალურად შესაძლებელია.“
ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.
გაეცანით გზამკვლევს - „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ამოიცანი და დაიცავი თავი“.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალთა ჯგუფებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა Zoom პლატფორმის საშუალებით. შეხვედრა განხორციელდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და შეეხო ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ თემას — პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ გრძელდება ძალადობა ციფრულ სივრცეში და როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად. ქალებმა გააზიარეს ყოველდღიური გამოცდილებები, ის გამოწვევები, რომლებიც ონლაინ სივრცეში იშვიათადაა ხილული, თუმცა რეალურ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზიანს იწვევს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს: პირადი ანგარიშების დაცვას, ციფრული მტკიცებულებების სწორად შენახვას და იმ სერვისებს, სადაც ქალებს დახმარების მიღება შეუძლიათ.
შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თავად მონაწილეთა გულწრფელი საუბრები აღმოჩნდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
„სამწუხაროდ, რეგიონებსა და სოფლებში ამ საკითხს ხშირად სხვანაირად უყურებენ. სოციალური ქსელების პაროლებისა და საბანკო მონაცემების მეუღლეებისთვის გაზიარება ბევრისთვის ნორმად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყეთ.“
სხვა მონაწილემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ რჩება ძალადობა ხშირად უთქმელი:
„ჩვენ ირგვლივ ონლაინ ძალადობის არაერთი შემთხვევაა, მაგრამ ქალები ვერ საუბრობენ — საზოგადოების მიმართ ნდობა ნაკლებია, გოგონებს კი ხშირად მშობლების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა გოგონამ თავისი გამოცდილება გაუზიარა ოჯახს და თავად დაადანაშაულეს. ასეთ დროს მოზარდი იკეტება და ემოციურ პრობლემებთან მარტო რჩება.“
დისკუსიამ აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ქალებს არ ეხება:
„ონლაინ ძალადობა მხოლოდ ქალების საკითხი არ არის. ციფრულ სივრცეში ძალადობის მსხვერპლები ხშირად ახალგაზრდა ბიჭებიც ხდებიან.“
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯია ცვლილებისკენ.
ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.
გაეცანით გზამკვლევს - „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ამოიცანი და დაიცავი თავი“
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
გეგუთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალების სამიზნე ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე — „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას უძღვებოდა ჯგუფის ლიდერი ქალი.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება ოჯახში ძალადობის ფორმების, ამოცნობის გზებისა და მსხვერპლთა მხარდასაჭერი სერვისების შესახებ. ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მექანიზმებს, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე ქალებმა ღიად ისაუბრეს საკუთარ დაკვირვებებზე. ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ზიანით არ შემოიფარგლება და მას ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფორმებიც აქვს.
მონაწილეთა შეფასებები:
- „პირველად გავიგე ეკონომიკური ძალადობის შესახებ.“
- „გავიგე, როგორ დავიცვა თავი და დავეხმარო სხვებს.“
- „მივხვდი, რომ ის, რასაც ნორმად მივიჩნევდი, ძალადობის ფორმებს შეიცავს.“
- „ბევრი ქალი ფსიქოლოგიურ ძალადობას ნორმალურად აღიქვამს.“
- „ასეთი ინფორმაციის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია.“
- „ეს თემები ყველასთან უნდა განიხილებოდეს — ქალებთან, მამაკაცებთან და ახალგაზრდებთან.“
- „გავიგეთ წყალტუბოს მერიის ადგილობრივი პროგრამის შესახებ.“
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციის ნაკლებობა კვლავ მთავარ ბარიერად რჩება, ბევრმა ქალმა არ იცის, სად და როგორ მიიღოს დახმარება, რაც დროულ რეაგირებას ართულებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
სენაკის თვითდახმარების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „სოციალური სახლი თემის საჭიროებისთვის“ მალე ამუშავდება.
საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი წვრილი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები, ბაღის იარაღები, რომლებიც ჯგუფის წევრებმა ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს, უკვე ადგილზეა.
მაღალი წნევის კერხერის სარეცხი აპარატი მთლიანად შეცვლის ხალიჩების, მანქანების და სხვა მოცულობითი ნივთების ხელით რეცხვის პროცესს, გააადვილებს ქალების, კაცების შრომას და გაზრდის თემის სარგებელს.
ბაღის, ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო ხელსაწყოები დაეხმარება თემის წევრებს იმ საერთო პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.
„სოციალური სახლის“ სერვისით ისარგებლებს დევნილთა მთელი თემი: ქალები, კაცები, ახალგაზრდები.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებს სამომავლოდ ახალი იდეები აქვთ, რაც „სოციალური სახლის“ ფუნქციის გაფართოებას უკავშირდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი სკვერის განახლება და სკვერების აღჭურვა ძელსკამებით და ნაგვის ურნებით - ფინიშს უახლოვდება ეს ორი ინიციატივა, რომელსაც ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი „თემის ძალა“ ახორციელებს დევნილთა დასახლებაში.
სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში მოთხოვნილი თანხა სრულად ათვისებულია, ინვენტარი შეძენილია და თემის მოსახლეობა სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდება.
ატრაქციონები, ძელსკამები, ნაგვის ურნები, ბალახის საკრეჭი აპარატი - ამ ყველაფრის და მათ მოსაწყობად საჭირო მასალის შეძენა ნიშნავს კომფორტულ ღია სივრცეებს, მოწესრიგებულ გარემოს.
ინიციატივების განხორციელების შედეგად გაიზრდება თემში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა და პასუხისმგებლობა საკუთარი დასახლების მიმართ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
