ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები სენაკში, ქუთაისში, ხურჩაში
თებერვალში ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა თემაზე გაიმართა. სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი შეეხო თემას „როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს“. ამ აქტუალურმა საკითხმა ურთიერთობის უამრავი დეტალი შეითავსა: როგორ ვუსმინოთ საკუთარ თავს, ემოციებს, როგორ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ აზრებს. ყველაფერი ეს - ოჯახში კონფლიქტების და საზოგადოების პრევენციის გზებია.
ქუთაისში შეხვედრა გაიმართა მე-15 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და, ლოგიკურად, საუბარი მიეძღვნა ნაადრევ ქორწინებას და მის ნეგატიურ შედეგებს.
კონსულტაციები ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ინტერესდებოდნენ სხვადასხვა პრობლემით, შეკითხვებს უსვამდნენ ფსიქოლოგს, კამათობდნენ და იღებდნენ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
„თვითმმართველობის ბიუჯეტის თანამონაწილეობითი მონიტორინგი“ - ტრენინგი წყალტუბოში
8-10 თებერვალს წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „თვითმმართველობის ბიუჯეტის თანამონაწილეობითი მონიტორინგი“. მასში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე ორგანიზაციებმა, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ორგანიზაციები გამოიყენებენ თავიანთი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სოციალური ნაწილის მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისთვის. პროექტს ახორციელებენ ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
აქტუალური საკითხები ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის დღის წესრიგში
10 თებერვალს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. ფონდი „სოხუმი“ ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი სოციალური პრობლემების განხილვას, მათი ადვოკატირების გზებს შეეხებოდა. სხდომაზე შემუშავდა რეკომენდაციები მოქმედი პოლიტიკური პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში წარსადგენად.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომის შემდეგ შედგა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის შეხვედრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
მოლაპარაკება, მედიაცია, ფასილიტაცია - ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან
ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). თემის ირგვლივ დისკუსია ყველა ჯგუფში საინტერესოდ წარიმართა.
ცოცხალი, რეალური ისტორიების განხილვისას გამოჩნდა, რომ ჯგუფებს შორის იყვნენ ქალები, რომელთაც ფასილიტაციის გამოცდილება გააჩნიათ. მათ გულახდილად ისაუბრეს საკუთარ შეცდომებზეც.
დისკუსიისას ჩამოყალიბდა, რა თვისებები სჭირდება კარგ ფასილიტატორს. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მედიატორი ვერ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია მოსმენა, მოთმენა. რომელიც იმპულსური და ფეთქებადია.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები: რას ნიშნავს მოლაპარაკება, მედიაცია, როდის უნდა ჩაერიოს მესამე მხარე. მათი შეფასებით, ისინი უკვე გარკვეულნი არიან, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში დროულად უნდა ჩაერიონ და შეძლონ მისი დარეგულირება.
თებერვლის შეხვედრები ახალგაზრდებთან
თებერვლის შეხვედრები ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემას მიეძღვნა: ბავშვთა უფლებები და მშობელთა უფლებები. ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა წყალტუბოში, სენაკში და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მოსწავლეებმა მოიყვანეს უამრავი მაგალითი ცხოვრებიდან, სოციალური ქსელებიდან. აქცენტი გააკეთეს სკოლის პრობლემებზე, პედაგოგების დამოკიდებულებაზე მოსწავლეების მიმართ. მათ ასევე ისაუბრეს მშობელთა უფლებებისა და მასწავლებლებთან ურთიერთობების შესახებ.
„უფლებების ცოდნა არ არის მთავარი. მთავარია მათი გამოყენება და ეს შეხვედრები ხელს უწყობს მსგავსი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემათა ადვოკატირებაზე მუშაობს
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პრობლემათა ადვოკატირების მიმართულებით. 9 თებერვალს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ადვოკატირების გეგმა. გაიწერა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ წევრს საკუთარი უფლებამოსილება განესაზღვრა. ადვოკატირების გეგმაში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვიზიტები, რადგან პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით, მათთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბი იწყებს თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიებთან
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
აქტივობების შეჯამება - ხონის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე
ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-8 სხდომაზე საბჭოს წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ სერვისების სიცოცხლისუნარიანობას. ამისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება გარკვეული თანხები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადვოკატირების თემას. განხილული იყო დევნილთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ რეფორმამდე საჭიროა კონსულტაციები უშუალოდ ბენეფიციარებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეფორმა მაქსიმალურად იყოს მიმართული დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.
პირველად სენაკში - ფორუმ-თეატრის რეპერტუარის ახალი წარმოდგენა
ფორუმ-თეატრი სტუმრად ეწვია სენაკს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში ჩაატარა წარმოდგენები. ნაჩვენები იყო 6 სცენა, მათ შორის ერთი ახალი - 16 წლის გოგონას როგორ ათხოვებს მამა. ამ სცენამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. ახალგაზრდებმა თამამად ისაუბრეს ზოგიერთ ტრადიციაზე, რომელიც ძალადობის ტოლფასია. შედეგად, მაყურებელმა აღნიშნა, რომ ქალის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და მავნე ტრადიციებს უარი ეთქვას.
მეტი სტატია ...
გვერდი 140 სულ 224