დაიწყო ახალი პანელის შექმნა ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/map
ეს ითვალისწინებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და უსაფრთხოების რისკის ინდიკატორების განსაზღვრას, ქალთა წინაშე არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მოხდენისა და შესაბამისი ადვოკატირების გაწევის მიზნით.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკების შეფასება იგეგმება ფონდი „სოხუმის“ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, წყალტუბო, ხონი, ქუთაისი, ბაღდათი, ჩოხატაური, სამტრედია, ქობულეთი.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით 15 შეხვედრა ჩატარდა და 150-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე.
მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა ათივე ცენტრში: ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, სამტრედიის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის, ხობის, ქობულეთის და ჩოხატაურის ცენტრებში.
შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, ძალადობის პრობლემის პრევენციისთვის რა მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი. გამოიკვეთა, რომ პერიფერიებში უნდა გაფართოვდეს მოსახლეობის ინფორმირების არეალი და გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ მხრივ.
გამოწვევებში გამოჩნდა ისიც, რომ მნიშვნელოვანია ქალთა მომზადება და ჩართვა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით გაგრძელდება მუშაობა. თვის განმავლობაში ოთხი ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. ქეისების ანალიზის შემდეგ პროცესში ფსიქოლოგი და იურისტი ჩაერთვებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კონფლიქტის მართვის სწავლების და ძალადობის პრევენციის ციკლის მეხუთე ტრენინგი აგვისტოში ონლაინ ფორმატით ჩატარდა.
ტრენინგებს დაესწრო დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის ორასამდე ახალგაზრდა - ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები. ტრენინგების მონაწილეები საკუთარ ცვლილებებზე საუბრობდნენ - როგორები იყვნენ ტრენინგების დაწყებამდე და როგორები არიან ახლა.
აღნიშნეს, რომ გახდნენ მეტად თავისუფლები, თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები, ტოლერანტულები, აქტიურები. ისწავლეს პრობლემების დანახვა, იდენტიფიცირება, ადვოკატირება.
უკვე მაღალია მათი ინტელექტუალური რესურსი კონფლიქტების დარეგულირების და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის კუთხით.
კონფლიქტის პრევენცია კონფლიქტის გადაწყვეტის უპირველესი მიზანია და გულისხმობს ადგილობრივი ახალგაზრდული სამშვიდობო რესურსის გაძლიერებას. ხუთთვიანმა სატრენინგო კურსმა გამოავლინა ახალი სახეები, ახალი ლიდერები, რომლებიც სექტემბრის შემაჯამებელ შეხვედრებზე წარადგენენ პრეზენტაციებს და ისაუბრებენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მიღებულ ცვლილებებსა და შედეგებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა 5 ოჯახის 17 წევრს, რომლებიც ომის გამო ჩამოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში. მათ ჩვენს ორგანიზაციაში მიიღეს დახმარება არა მარტო საჭირო სურსათით, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მხრივაც. ფსიქოლოგმა მათთან დაიწყო მუშაობა ტრავმებზე, სტრესზე... როგორც უკრაინელებმა აღნიშნეს, ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით კარგია ომგამოვლილი ადამიანებისთვის, მათი ასაკის მიუხედავად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობაში, ძირითად, უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა, რადგან დამოუკიდებელი უკრაინა 32 წლის გახდა.
უკრაინის მთავარი დღე აღინიშნა ქუთაისშიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩვენი თანაქალაქელების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაში ჩართო უკრაინელი ბენეფიციარები. აქცია თეთრ ხიდზე გაიმართა.
მეორე წელია, უკრაინა და სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული უკრაინელები დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ომის პირობებში აღნიშნავენ. თავიანთი ქვეყნის დიდი სიყვარულით, მონატრებით და შინ დაბრუნების იმედით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის ურთიერთდახმარების ჯგუფს აქვს იდენტიფიცირებული პრობლემები, აპირებს მათ გადაჭრას და ამისთვის უკვე დაიწყო კომუნიკაცია სოციალურ სააგენტოსთან.
ზუგდიდის ურთიერთდახმარების ჯგუფი სოფელ კოკში იკრიბება და ჯგუფში, ძირითადად, ამ სოფლის ქალები არიან გაერთიანებულები. სექტემბრიდან ჯგუფს სხვადასხვა სოფლიდან შემოუერთდებიან მოწყვლადი ჯგუფები. შეხვედრებს დაესწრება თვითმმართველობის წარმომადგენელი - ეს გააადვილებს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ადვოკატირების პროცესს.
აგვისტოში შეხვედრები წალენჯიხის და ზუგდიდის ჯგუფებთან ონლაინ გაიმართა. ზუგდიდის ჯგუფთან შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც მონაწილეობდა.
სექტემბრიდან ორივე ჯგუფში მეტი აქტიურობაა მოსალოდნელი, რაც პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან. აგვისტოში ასევე გასუფთავდა საკანალიზაციო ჭები, შეიწამლა მიმდებარე ტერიტორია, კორპუსები და სარდაფები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ვანის, ქობულეთის და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს სტუმრობდა. შეხვედრის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა სხვადასხვა კატეგორიის ქალები. სამი შეხვედრა ჩატარდა ჯგუფური ფორმატით თემაზე „აგრესია და ოჯახური ძალადობა“. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. ასევე იმაზე, რა განაპირობებს აგრესიის შემცირებას.
ორ შეხვედრას ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და ეხებოდა შიშებს და ფობიებს. მონაწილეებს მიეცა რეკომენდაციები, როგორ დაძლიონ შიშები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.