ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის მოკლე ანგარიში, რომელიც ეფუძნება 2024 წლის მაის-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, მიმოიხილავს სოციალური მუშაკების როლსა და საქმიანობის ეფექტიანობას ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების პროცესში. ანგარიშში ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალური მუშაკების მუშაობის ეფექტიანობაზე, მათ შორის კოორდინაციის სირთულეები რეფერირების სუბიექტებთან, როგორიცაა სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რაც ართულებს ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალების დროულ იდენტიფიცირებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სოციალური მუშაკების მრავალმხრივ ვალდებულებებსა და ფუნქციებზე, რაც ხშირად იწვევს მათ პროფესიულ გადატვირთვას. მიმოხილულია ისეთი სტრუქტურული გამოწვევები, როგორიცაა ფინანსური რესურსების შეზღუდულობა, სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალებების არქონა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება რეგიონებში მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე და ბენეფიციართა საჭიროებებზე დროულად რეაგირების შესაძლებლობაზე.

მონიტორინგი ხაზს უსვამს სოციალურ მუშაკთა წარმატებულ პრაქტიკებსაც, როგორიცაა ბენეფიციართან მაღალი ნდობის დამყარება, ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების სოციალური მუშაკებთან მჭიდრო თანამშრომლობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთობა. ანგარიში ემყარება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების (ქუთაისის, ხონის, ბაღდათის, სამტრედიის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) სოციალური მუშაკების გამოცდილებას და მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების სისტემურ გაძლიერებას, უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტიანობის ამაღლებას.

გადმოწერა

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი სოხუმის მორიგ მოკლე ანგარიშს, რომელიც მონიტორინგის საფუძველზე აფასებს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ეფექტიანობას და არსებულ ხარვეზებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის სირთულეებზე, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მრავალენოვანი სერვისების დეფიციტზე, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის სერვისების არარსებობაზე, რაც ხელს უშლის ქალებს ამ დაწესებულებების შესაძლებლობებით სრულად სარგებლობაში. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც "მსხვერპლის სტატუსი" აღარ არის სერვისებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობა, ჯერ არ ასახულა მუნიციპალურ პროგრამებში, რაც ზღუდავს ქალების წვდომას ადგილობრივ მხარდაჭერის სერვისებზე.

განსაკუთრებული გამოწვევაა მონიტორინგისა და შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმების არარსებობა, რაც სირთულეებს უქმნის ქალებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ რეინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს თავშესაფრების სისტემური გაძლიერებისა და სარეაბილიტაციო პროცესისთვის მდგრადი და ეფექტიანი მოდელების შექმნის აუცილებლობას, რაც ძალადობის გამოვლილ ქალებს სრულფასოვან დახმარებასა და მათი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

გადმოწერა

გოგოლესუბანი - არის ასეთი პატარა სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. აქაური ქალების თხოვნით, ჩვენმა ორგანიზაციამ  ჩამოაყალიბა ჭრა-კერვის კურსები და მასწავლებლად მოიწვია მათი თანასოფლელი მკერავი ნანა გოგოლაძე.

ქალებმა დიდი მონდომებით გაიარეს ორთვიანი საბაზისო კურსი. ყველა მათგანი კმაყოფილია მიღებული ცოდნით და კურსების გაგრძელებას ითხოვენ.

ბოლო მეცადინეობაზე კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) შესახებ ჩაატარა ვორკშოპი თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის საექთნო განათლებისა და ფარმაციის პროფესიული სტუდენტებისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები.

ვორკშოპის ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა: ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის  ყველაზე გავრცელებული ფორმების მიმოხილვა, კიბერუსაფრთხოება და თავდაცვის მექანიზმები.

„ჩვენი სასწავლებლის ქალები და გოგონები აღიჭურვენ ორგანიზებული ცოდნით, რაც  ონლაინ სივარცეში ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებულები ვართ, რომ მსგავსი არაფორმალური განათლებით შევავსოთ ის ცოდნა და უნარები, რასაც ფორმალური განათლებით იღებენ ჩვენი სტუდენტები და ისინი მაქსიმალურად ძლიერები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიულ ცხოვრებაში, პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ანა ჯავახიშვილმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო მიმართულებით.

ფორუმ-თეატრმა დეკემბრის გამოსვლები მიუძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმათ ძალადობის წინააღმდეგ“. წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში და ღია ცის ქვეშ.

საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდულია გასვლები მუნიციპალიტეტებში, სკოლებში, ამიტომაც წლის ბოლო წარმოდგენები მხოლოდ ქუთაისელი მაყურებლისთვის გაიმართა.

მსახიობები იმედოვნებენ, რომ ახალი წლიდან მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება  და მათი გამოსვლების გეოგრაფიაც უფრო მრავალფეროვანი იქნება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფლების  დიდინეძისა და კოკის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების  წევრები უერთდებიან ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას .    საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოპები,სადაც საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით ქალთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას, პრევენციული ზომების ამოქმედების აუცილებლობას,სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.16 დღიან საერთაშორისო კამპანიაში საქართველოსთან ერთად უამრავი ქვეყანაა ჩართული,რაც იმის მაჩვენებელია,რომ საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია და მასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანებაა.

ქუთაისის და ხონის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფები წევრები აქტიურად შეუერთდნენ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ. მათ სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ, ერთხმად უთხრეს ძალადობას ,,არა,,!

სენაკისა და წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჯგუფების მიერ სხვადასხვა ფორმატის აქტივობები ჩატარდა.   საინფორმაციო შეხვედრებზე, ვორკშოპებზე, დებატებზე მთავარი განსახილველი თემა ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული მექანიზმები იყო მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა პრობლემის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

წყალტუბოში, ზუგდიდსა და სენაკში შექმნილი ქალთა ადვოკატირების ჯგუფების მიერ გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირებისათვის სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა მოხდა. კერძოდ: სენაკის დევნილთა დასახლებაში ბინებს არ ჰქონდათ აბრები ნომრების გამოსახულებით, რაც ხშირად პრობლემას ქმნიდა (მაგ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს). სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლის ეზოში არ იყო ძელსკამები, რომლითაც მშობლები და ბავშვები ისარგებლებდნენ. წყალტუბოს დევნილთა ახალ დასახლებაში კი ქალებმა გამოავლინეს პრობლემა, რომ კორპუსებში არ იყო საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსდებოდა საჭირო ინფორმაცია (მაგ., ცხელი ხაზის შესახებ).

ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და ქალებისათვის ადაპტირებულ გარემოს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები