ურთიერთდახმარების ჯგუფებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მოსახლეობასთან. შეხვედრები ჩატარდა ხობში და სხვა მუნიციპალიტეტებში, გავრცელდა ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული საინფორმაციო მასალები.
შეკრებილებმა ისაუბრეს კამპანიის მნიშვნელობაზე, ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
ჯგუფის წევრების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის ისეთ ორგანიზებას, როგორც ამას ქალთა ფონდი „სოხუმი“ აკეთებს. ქალების ინფორმირებულობა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ეკონომიკური კონტროლი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ადამიანს თანდათან ართმევენ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და არჩევანის თავისუფლებას. თანამედროვე რეალობაში ეს ხშირად ხორციელდება ტექნოლოგიების გამოყენებით — ციფრული გადახდების კონტროლით, ფინანსურ ანგარიშებზე წვდომით, შეტყობინებების მონიტორინგით.
„იმ დღიდან ჩემი ფული აღარ იყო ჩემი.
არჩევანის უფლება ნელ-ნელა გაქრა და ზრუნვა კონტროლად იქცა.“
ეს არის ეკონომიკური კონტროლი — ტექნოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფორმა.
ის არ ტოვებს ხილულ კვალს, თუმცა ღრმად აზიანებს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოების განცდას.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ფოტოებით შანტაჟი არის ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, რომელიც ხშირად იწყება თითქოს სიყვარულითა და ნდობით.
„თავიდან ყველაფერი თითქოს სიყვარულით დაიწყო. „გამომიგზავნე ფოტო, მხოლოდ ჩემთვის იქნება“... მაგრამ ეს ნდობა გადაიქცა შიშად, მუქარად და ემოციურ ძალადობად,“ — ლიკა, 23 წლის
ფოტოების ან პირადი მასალის უნებართვო გავრცელების მუქარა გამოიყენება კონტროლის, შიშის და ძალაუფლების მოსაპოვებლად.
ნდობა დანაშაული არ არის.
დანაშაულია მისი ბოროტად გამოყენება.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ქეთის ისტორია გვიყვება ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ხშირად შეუმჩნეველ ფორმაზე — კიბერ თვალთვალზე.
ურთიერთობაში ლოკაციის გაზიარება თითქოს ზრუნვის ნიშნით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა ქეთის ყოველდღიური ცხოვრების სრულ მონიტორინგად. მისი გადაადგილება მუდმივი დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა: სად მიდიოდა, ვისთან მიდიოდა, როდის ბრუნდებოდა და რატომ „ქრებოდა“ რუკიდან.
ის, რაც თავდაპირველად უსაფრთხოებისა და მზრუნველობის გამოვლინებად აღიქმებოდა, რეალურად კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა.
ეს არ არის სიყვარული.
ეს არ არის ზრუნვა.
ეს არის კონტროლი — ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ფორმა.
თუ მსგავსი გამოცდილება გაქვთ, იცოდეთ: თქვენ არ ხართ მარტო.
ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა რეალურია, ხოლო მისი ამოცნობა — პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავისუფლებისა და უსაფრთხოებისკენ.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ქალთა მიმართ ძალადობა (TFVAW) ხშირად შეუმჩნევლად იწყება: ყოველდღიურ ციფრულ კომუნიკაციებში, ურთიერთობაში „ნდობის“ სახელით გაზიარებულ წვდომებსა და კონტროლის ნორმალიზებაში.
ვიდეოში წარმოდგენილია თამარის რეალური ისტორია. მისი მონათხრობი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში პაროლების გაზიარება, პირადი სივრცის შეზღუდვა და მუდმივი კითხვები თავდაპირველად სიყვარულად აღიქმებოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში კი - კონტროლისა და თავისუფლების დაკარგვის წყაროდ გადაიქცეს.
„პაროლები მივეცი, რადგან მეგონა, ასე შენდებოდა ნდობა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. კითხვები, აკრძალვები, კონტროლი... ყველაფერი სიყვარულის სახელით. და მე ნელ-ნელა ვკარგავდი საკუთარ თავს,“ — თამარი.
ქალთა და გოგონათა მიმართ ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობა უხილავია, მაგრამ მისი შედეგები რეალური და მძიმეა. ის ზღუდავს ადამიანის ავტონომიას, უსაფრთხოების განცდას და თვითიდენტობას.
თუ არსებობს განცდა, რომ ვინმე აკონტროლებს თქვენს ციფრულ სივრცეს, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ურთიერთობა არ უნდა მოითხოვდეს პირადი თავისუფლების დათმობას.
თავისუფლება არასოდეს უნდა იყოს სადავო.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
სასიხარულო იყო ფინალური შეხვედრა სენაკში. დასრულდა ჭრა-კერვის საბაზისო კურსი. ორი თვის განმავლობაში ქალებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს და ბოლოს სერტიფიკატებიც მიიღეს.
ყოველ მათგანს კარგი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი აქვს და აწი ყველაფერი მათ მონდომებაზეა დამოკიდებული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს 16-დღიან კამპანიაზე: ისტორიასა და ძირითად მიზნებზე, ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.
ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შემუშავებულ თემატურ საინფორმაციო მასალებს საკუთარ თემში გაავრცელებენ და აქტიურად ჩაერთვებიან ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს თვითდახმარების ჯგუფის სათემო ინიციატივები. წარმოდგენილი განაცხადები დამტკიცდა და განხორციელება დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელშიც გაერთიანებულია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ძალადობა ბოროტებაა! ჩვენ ვგმობთ ძალადობას! არ მივცეთ კონფლიქტს გამწვავების საშუალება!
ასე მოგვიწოდებდნენ ეს გოგო-ბიჭები 16-დღიანი კამპანიის დროს. ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები მინიაქციებს აწყობდნენ თავიანთ სკოლებში, ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებთან, არიგებდნენ თემატურ მასალებს და ამრიგად უერთებდნენ თავიანთ საპროტესტო ხმას კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის თვითდახმარების ჯგუფში შეხვედრაზე მოწვეული იყო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტოს ქუთაისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი ნინო ხონელიძე.
შეხვედრის მიზანი იყო ჯგუფის წევრთა ინფორმირება ძალადობის შესახებ, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ადგილობრივი და სახელმწიფო სერვისების პოპულარიზება.
მათ მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე, ასევე გადაეცათ ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო მასალები.
შეხვედრის მეორე ნაწილი სათემო ინიციატივების თემას დაეთმო. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პროექტები და როდის შეძლებენ მათ დაწყებას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
