წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვიდეორგოლს 2024 წლის ივნისში ოთხი პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,027 ქალმა 10 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ანგარიშები ორიენტირებული იყო მოწყვლადი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე.
რისკების ინდიკატორების რუკა ხელმისაწვდომია აქ - https://sosfsokhumi.ge/fsdata2024
ქსელური შეხვედრა ონლაინ ფორმატით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე. საერთო მოსაზრებით, ყველა რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ადვოკატირების ჯგუფებმა ვანის, ხობის, თერჯოლის, სამტრედიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობა დაისახეს მიზნად, კერძოდ: ვანში, სოფელ სალხინოში განახლდა სტადიონი და ორი სკვერი, თერჯოლაში - სოფელ ღვანკითის ერთ-ერთი უბანი, ხობში გამწვანდა სოფელი ნოჯიხევი და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, სამტრედიაში კეთილმოეწყო სტადიონი და ორი სკვერი დიდ ჯიხაიშში, ახალსოფელში და „ნახალოვკის“ დასახლებაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში კი ეკლესიის ეზოს და შემოგარენი.
ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს აღნიშნული თემებში. ამასთან, ქალების მიერ ამ ადგილების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება აძლიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდას და განამტკიცებს თემის კეთილდღეობას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას "წარმატებული ხელოვანის პროფილი", სადაც გვანცას ისტორიაა მოთხრობილი. გვანცა ჩვენი დღის ცენტრის - პოლიმერული თიხის კურსდამთავრებულია, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი განავითარა და ახალი - პოლიმერული თიხის ოსტატობის უნარებს წარამტებით დაეუფლა.
მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ - https://www.facebook.com/profile.php?id=61567478503482
- მადლობა თქვენი საქმიანობის შედეგების წარმოდგენისთვის. ახლა იმაზე მეტად ხართ თქვენი საქმის ერთგულები, ვიდრე მანამდე იყავით. აღფრთოვანებული ვარ თქვენი მოტივაციით და სულისკვეთებით. თქვენ მუშაობთ არა მარტო თქვენი ბენეფიციარებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიხარია, რომ ჩვენ თქვენი პარტნიორები ვართ. მადლობა პარტნიორობისთვის, - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს კიმ კვიბუკამ, ჩვენი დონორი ორგანიზაციის Brot für die Welt წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა.
გერმანული ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენ 18 წელია, ვმუშაობთ ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და ჩვენც მადლობას ვუხდით მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობის პრობლემების ადრეული გამოვლენა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვან სტრატეგიად რჩება. იდენტიფიცირების კვალდაკვალ მობილიზატორები სთავაზობენ ბენეფიციარებს იმ სერვისებს, რომლებიც ძალადობის პრევენციას ემსახურება.
თვის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული და 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ფსიქოლოგის ჩართულობა ეხმარება მათ, დაძლიონ პრობლემები და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისით ექვსმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მათ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ერთ პატარა სოფელში არის ბიჭუნა, რომელიც მთელი ცხოვრება სტრესში იზრდებოდა. დიდი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ძმებთანაც ვერ ახერხებდა ურთიერთობას. ჩაკეტილობა მისთვის თითქოს დამცავ კედლად იქცა, რომლის მიღმაც თავის ტკივილს და ემოციებს მალავდა.
ერთ დღეს ბიჭუნა, მისი დედა და ძმები ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ.
დედასთან და სხვა ქალებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, ბიჭუნა კი დიდ დროს ატარებდა პედაგოგთან.
არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი-პედაგოგი ანა ლომიძე იხსენებს: „პირველივე შეხვედრაზე თვალში მომხვდა მისი დუმილი და სევდიანი თვალები. პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ, მცირედიდან. ვთამაშობდით, ვმეცადინეობდით, ვხატავდით. სხვადასხვა აქტივობის შედეგად მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ძმებთან კომუნიკაცია დაიწყო. ორკვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამის დასრულების შემდეგ უკვე აქტიური, ძლიერი და თავდაჯერებული იყო. წინ ახალი გამოცდა ელოდა - სასკოლო ოლიმპიადა. ადრე უარს იტყოდა მონაწილეობაზე, ახლა კი ბიჭი ჩაერთო და პირველი ადგილიც აიღო. ეს დიდი გამარჯვება იყო მისთვის.
ეს ისტორია ერთ-ერთია მრავალთაგან, რაც ჩვენთან ხდება არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს. ყველა ბავშვი, რომელიც აქ მოდის, გადაწყვეტს, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს, სადაც დედასთან ერთად ისიც მსხვერპლი იყო. სარეაბილიტაციო ცენტრში დაბადებული გამარჯვება ახალი წარმატებების საწინდარი ხდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს - „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები: ეფექტიანობა და საჭიროებებზე მორგებულობა“. კვლევის ამ ანგარიშში ასახულია ქალების დამოკიდებულება მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანობის მიმართ, თუ რამდენად მორგებულია ძალადობამგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები მათ საჭიროებებზე, და ის, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ისინი მომსახურების არჩევისას და შეფასებისას.
კვლევის მიგნებებით, რესპონდენტთა უმრავლესობა, დაცულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, უპირატესობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია შედარებით დაბალ, თუმცა არცთუ მცირე მაჩვენებელს ავლენს დაცულობის და გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კვლევაში შეფასებულია სერვისების მიმწოდებლები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, მოქნილობა, კოორდინაციის უნარი და ა.შ.
დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი.
სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადვოკატირების ჯგუფებმა გამოავლინეს პრობლემები და მცირე ინიციატივების ფარგლებში მათი მოგვარებაც შეძლეს.
ადვოკატირების ჯგუფების წევრ ქალებს მიეცა შესაძლებლობა, წამყვანი როლი შეასრულონ თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ქალების ჩართულობა თემის უსაფრთხოების და კეთილმოწყობის საკითხებში ამაღლებს მათ სოციალურ სტატუსს და გავლენას ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ძალადობის რისკის შემცირების ძლიერი ფაქტორია.
გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება მოწყვლადი ქალების მხარდაჭერას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე - ქალებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ინიციატივების განხორციელებით განახლდა მიტოვებული სტადიონები, გამწვანდა სკვერები, მოხდა ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბება ახალგაზრდებში და მარტოხელა დედების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ეფექტიანობით გამოირჩევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)