გაზაფხულია ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში - ჰაერში, ეზოს ყვავილებში, ქალების განწყობაში.

ფოტოებზე არ ჩანს, მაგრამ ქალების კმაყოფილება ვიცით, გვიზიარებენ, მოსწონთ ჩვენი ზრუნვა და მადლიერებას გამოხატავან.

ერთ ფოტოზე ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძეა - მას ყველაზე მეტად ენდობიან ქალები, თავიათ პრობლემებს, განცდებს უზიარებენ და მისგან საჭირო რჩევებს იღებენ.

მეორე ფოტოზე - პროექტის კოორდინატორი ლელა ჯალაღონია და ასისტენტი ხათუნა გოგუა ესაუბრებიან ქალებს -  მათთან უფრო თავშეკავებულები არიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ მოსწონთ ცენტრში ყოფნა, გარემო, მათ მიმართ დამოკიდებულება და რომ ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან... 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შემაჯამებელი შეხვედრები 10 მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული კლუბების წევრები ფინალურ შეხვედრებზე იხსენებენ ნასწავლს, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, ავლენენ ლიდერის და ტრენერის უნარებს, აჯამებენ გამოცდილებას, საუბრობენ სწავლების პროცესის გავლენაზე და იმ ცვლილებებზე, რომელთაც ყოველი მათგანი გრძნობს.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრების უმეტესობას გადაეცა სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით გამორჩეულ წევრებს კი ტრენერის სტატუსი მიენიჭა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ვიდეო „კვლევიდან ქმედებამდე“ გვიჩვენებს, როგორ გადაიქცა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებად. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად თემის ხმას - თითოეული ინიციატივა ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების, გამოცდილებისა და ხედვის საფუძველზე შეიქმნა.

ვიდეო ასახავს, როგორ იქცა კვლევა ქმედებად, ხოლო თემი - ცვლილების მთავარ მონაწილედ. ინიციატივების საერთო მიზანი იყო მიგრაციის შედეგების შერბილება ადგილობრივი ჩართულობით და ადამიანებზე მორგებული მხარდაჭერის გარემოს შექმნა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში გაიმართა ვორკშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.

შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე 10 ქალი: საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგები, სოციალურად დაუცველი და ძალადობაგამოვლილი ქალები. ვორკშოპზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობას.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები კიდევ უფრო გაართულა და უსაფრთხოების განცდა შეასუსტა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზეც, როგორ უნდა მოხდეს ძალადობის ამოცნობა, როგორ დამყარდეს სწორი კომუნიკაცია რისკის ქვეშ მყოფ ქალებთან და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობასთან გამკლავება ქალისთვის მარტო ხშირად ძალიან რთულია და საჭიროა როგორც ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ისე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობა. მათი შეფასებით, თემის მხარდაჭერა და დროული რეაგირება ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

როდესაც ქალს აქვს ცოდნა, მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ის ქმნის ცვლილებას, რომელიც მთელ თემზე აისახება.

ეს ვიდეო გვიყვება ქალების რეალურ ისტორიებს საქართველოდან, რომლებმაც ახალი პროფესია შეისწავლეს, დაიწყეს საკუთარი საქმიანობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგეს ნაბიჯი ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით.

ძლიერი ქალი არ უნდა იყოს გამონაკლისი, ეს უნდა იყოს ნორმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ფონდისოხუმისოფისში გაიმართა ვორკშოპი თემაზე -ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა.

ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარებოდათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობაში, მხარდაჭერის გზების გააზრებასა და შესაბამის სერვისებზე წვდომაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებს, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში.

შეხვედრა მონაწილეებისთვის ღია საუბრის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთმოსმენის სივრცედ იქცა. განხილვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ფორმაში არ ვლინდება და ხშირად უხილავი ნიშნებითაც იჩენს თავს. მონაწილეებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათ აძლევს ცოდნას, თავდაჯერებულობას და ეხმარება უფრო მკაფიოდ დაინახონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ძალადობის ამოცნობისას.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

სენაკში გაიმართა ქალთა საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. ორმა მონაწილე ქალმა მიიღო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის, ბავშვებზე მეურვეობისა და პროფესიული უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებულ სტიგმას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათთან მომუშავე სპეციალისტების მიმართ, რაც ხშირად ზეწოლას აძლიერებს და ართულებს მხარდაჭერას.

საკონსულტაციო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამართლებრივი ცნობიერების, მხარდაჭერისა და უსაფრთხო პროფესიული გარემოს მნიშვნელობას ქალებისთვის, ბავშვებისა და სპეციალისტებისთვის.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს პროექტის ფარგლებში. ჯგუფის წევრებს ამიტომაც არ გასჭირვებიათ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება. შეფასებისთვის შემუშავდა ონლაინ ანკეტა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად გასცეს პასუხები.

შეხვედრაც ონლაინ ჩატარდა. ქალების პასუხებში კარგად გამოჩნდა, რას მიაღწიეს პროექტის მიმართულებით მუშაობისას, რა ცვლილებები განხორციელდა თითოეული მათგანის ცხოვრებასა და დევნილთა თემში.

ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს, რომ ინიციატივები  თემის საჭიროებების მიხედვით განხორციელდა და ერთწლიანი მუშაობა ნაყოფიერი იყო.

მაგალითად, ამ ფოტოებში კარგად ჩანს განსხვავება - როგორი დაზიანებული იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში საბავშვო სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის შედეგად ბავშვებს და ახალგაზრდებს ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ქუთაისში, ქალთა სამიზნე ჯგუფთან გაიმართა ვორქშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას ესწრებოდა 10 ქალი და მას უძღვებოდა ჯგუფის ლიდერი ქალი.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მსხვერპლის ამოცნობის ნიშნები და ის გზები, როგორ შეიძლება თემში მხარდაჭერისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ ძალადობაზე დუმილი არ უნდა გახდეს ნორმა და საზოგადოების პასუხისმგებლობაა, არ დარჩეს გულგრილი სხვისი ოჯახის პრობლემის მიმართ.

მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს როგორც ახალი, საჭირო და პრაქტიკული ცოდნის წყარო. მათი თქმით, მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ უკეთ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები, სწორად იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის მხარდაჭერის მექანიზმებს.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ინფორმირებული ქალები და გაძლიერებული თემები ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საფუძველია.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვორკშოპი ქალთა ჯგუფთან თემაზე: - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიღრმისეულად განეხილათ ძალადობის სხვადასხვა ფორმები, ამოცნობის ნიშნები და რეაგირების მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობას, იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც თანამედროვე ციფრულ გარემოში ქალების უსაფრთხოებას უკავშირდება.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ძალადობის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულია, თუმცა ძალადობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ქალის გაძლიერება და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ ძალადობრივ გარემოში.

მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის იდენტიფიცირების სირთულეებზეც და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა საბოლოოდ ხილული ხდება, ხშირ შემთხვევაში დახმარება დაგვიანებულია. სწორედ ამიტომ, პრევენცია, ინფორმირებულობა და დროული რეაგირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი აქტივობები მათთვის იმედისა და მხარდაჭერის განცდას აძლიერებს და ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებასა და ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თემებში.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები